“ჩვენი ვალდებულებაა, ვიზრუნოთ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებაზე და რომ მავნე წარსული, რაც არსებობდა 2012 წლამდე, აღარასოდეს დაბრუნდეს ქართულ რეალობაში”
„არ არსებობს დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არ იყოს გამოწვევები, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაშიც არის გამოწვევები. თუმცა, შეუძლებელია, არ დაინახო და არ შეაფასო ის პროგრესი, რაც წლიდან წლამდე „ქართული ოცნების” გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტის ამაღლების კუთხით გაკეთდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში მოისმინეს.
დეპუტატმა გამოსვლისას ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
„ქართული ოცნების” გუნდმა შევძელით და დავამკვიდრეთ კულტურა, რასაც ჰქვია “კრიტიკული აზრის მოსმენის უნარი”, რასაც ჰქვია ის, რომ სახალხო დამცველი არის საქართველოს პარლამენტის ხელში მექანიზმი და ბერკეტი ადამიანის უფლებების ზედამხედველობის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებები არის საკითხი, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების საგანი, ყოველთვის უნდა მოხდეს მათზე ზრუნვა. ადამიანის უფლებები და მისი დაცვა არის მუდმივად დინამიკური პროცესი, შესაბამისად, ყველა ხელისუფლების ამოცანა და ვალდებულება უნდა იყოს მუდმივი ზრუნვა ადამიანის უფლებების გაუმჯობესებაზე. არ არსებობს დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არ იყოს გამოწვევები, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაშიც არის გამოწვევები. თუმცა, შეუძლებელია, არ დაინახო და არ შეაფასო ის პროგრესი, რაც წლიდან წლამდე „ქართული ოცნების” გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტის ამაღლების კუთხით გაკეთდა.
„ჩვენ შევძელით და პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო, აღარ შედის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ჩვენ შევძელით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გავიტანეთ ცალკე ორგანოდ – ის აღარ შედის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში და, შესაბამისად, ისიც არის დამოუკიდებელი ორგანო. სწორედ ჩვენი ხელისუფლების ყოფნის პირობებში მოხერხდა სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღის განხორციელება – სწორედ იმ რეფორმების, რომლებიც შეფასებულია მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით ჩვენი საზოგადოების წინაშე. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მთელი რიგი სტრუქტურები, რომლებიც ზრუნავენ ადამიანის უფლებების დაცვაზე, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ ადამიანის უფლებების დაცვაზე და, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო უშუალოდ, უწყებრივად გახდა ორგანო, რომელიც სისტემაშივე ზრუნავს ადამიანის უფლებების დაცვაზე”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მან ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნაზე და აღნიშნა, რომ 2012 წლამდე ვერავინ გაბედავდა, შეექმნა სისტემა სისტემაში, რომელიც შეძლებდა და გამოიძიებდა საქმეებს, რომლებიც შეეხებათ მოხელეებს, მასთან გათანაბრებულ პირებსა და სამართალდამცავი ორგანოს პირებს, თუკი ისინი ჩადიან შესაძლო დანაშაულს.
ერთერთ მთავარი საკითხი სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში შეეხებოდა 20- 21ივნისის საკითხებს. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, გაასაღონ, თითქოს, აქ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების სისტემურ და უხეშ დარღვევას, რაც, მისი თქმით, არის ტყუილი.