სახალხო დამცველმა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებები პოზიტიურად შეაფასა

სამართლიანი სასამართლოს უფლების თვალსაზრისით, სახალხო დამცველმა პოზიტიურად შეაფასა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომელთა შედეგად დაიხვეწა და უფრო განჭვრეტადი გახდა მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობის საკითხები. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ დღეს პარლამენტში 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

მან ასევე დადებითად შეაფასა სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილება სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის უზრუნველყოფის თაობაზე.

ნინო ლომჯარიამ აქვე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ხარვეზიანი და გაუმჭვირვალე პროცედურების საფუძველზე შერჩევის საკითხს და აღნიშნა, რომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ხარვეზიანი პროცედურით შერჩეული კანდიდატების მოსამართლედ განწესება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად მიიჩნევა.

სახალხო დამცველმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მომწესრიგებელი კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები