ოზურგეთში, ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაციის მიზნით, პეტიცია შეიქმნა
ინტერნეტში ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაციის მიზნით, პეტიცია განთავსდა. პეტიციაში ტყე-პარკის სახელმიფო საკუთრებიდან მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემას, მის შემდგომ რეაბილიტაციასა და შემდგომ მოვლა-პატრონობას ითხოვენ.
“ქალაქ ოზურგეთის ერთერთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სივრცე და ღირსშესანიშნაობა არის ექადიის ტყე-პარკი. ტყე-პარკი გაშენებულია, დაახლოებით, 17 ჰექტარ ტერიტორიაზე ზრდასრული, მრავაწლოვანი, მათ შორის, იშვიათი ჯიშის ხეებით. ტყე-პარკი ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაშია, მაგრამ მოუვლელია და უპატრონოდაა მიტოვებული.
2019 წელს ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობასთან ჩატარებული ფოკუსჯგუფების შედეგად, ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია ქალაქის მცხოვრებლებისთვის ერთერთ პრიორიტეტულ საკითხად დასახელდა (ქალაქ ოზურგეთის პარკების მდგომარეობის ამსახველი ანგარიში, „გურიის სამოქალაქო ცენტრი“, 2020). ოზურგეთის რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ექადიის ტყე-პარკს შესაძლოა, რეგიონული მნიშვნელობა ჰქონდეს. ასეთი პარკები დიდი ზომისაა და ხშირად არაურბანული ხასიათისაა. ისინი ტყე-პარკს ნახევრად ველური სახით ინარჩუნებენ, სადაც დაგეგმილ მარშრუტებზე მინიმალური საჭიროების ინფრასტრუქტურაა მოწყობილი, მაგალითად: საფეხმავლო ბილიკები, მანიშნებლები, მოსასვენებელი სივრცეები, წყლის დასალევი წყაროები, გადასახედი ადგილები და სხვა (ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმის შედგენის წინასაპროექტო ურბანული ანალიზი, „პროგრესის სახლი“, 2020).
იმისათვის, რათა ექადიის ტყე-პარკმა შეასრულოს ქალაქისა და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი სარეკრეაციო და საზოგადოებრივი სივრცის ფუნქცია, საჭიროა:
1.პარკის გადმოცემა სახელმწიფო საკუთრებიდან მუნიციპალურ საკუთრებაში
2.კონკურსის წესით ტყე-პარკის სარეაბილიტაციო პროექტის შერჩევა და მისი რეაბილიტაცია
3.ტყე-პარკის მუდმივი მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მიერ
4.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 86-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნტის შესაბამისად მოვითხოვთ წარმოდგენილი საკითხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განხილვასა და გადაწყვეტას”, – ნათქვამია პეტიციაში.
http://petition.lsg.ge/ozurgeti/petitions/view/24