საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით, 115 ხმით მიიღო

115 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა.

კენჭისყრაში მონაწილეობა ამჯერადაც არ მიუღია „ნაციონალურ მოძრაობას“, მეორე მოსმენით განხილვას არ ესწრებოდა „ევროპული საქართველო“, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭრა.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. პროექტით, გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე. პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტიც. კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები