პოლონეთში ღონისძიებაზე სახელწოდებით – „დამზადებულია ქვევრში” ქვევრის ღვინის წარდგენა გაიმართა

პოლონეთში ღონისძიება სახელწოდებით – „დამზადებულია ქვევრში” გაიმართა, რომელსაც პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ილია დარჩიაშვილი დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „დამზადებულია ქვევრში” – კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის შემდეგ ქართული ღვინის პირველი ოფიციალური წარდგენაა პოლონეთში.

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „ვინისფერას” ორგანიზებით გაიმართა. მის ფარგლებში, ქალაქ კრაკოვთან მდებარე ისტორიულ დასახლებაში – Srebrna Gora ერთერთ მარანში ორი ქვევრი ჩარგეს; გაიმართა დოკუმენტური ფილმის – “დამზადებულია ქვევრში” ახალი ეპიზოდის პრემიერა, რომელშიც მოთხრობილია ქართული ღვინის კულტურისა და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიის შესახებ; მოეწყო როგორც კლასიკური, ისე – ტრადიციული ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიით დამზადებული ქართული ღვინოების დეგუსტაცია. აქვე, ორმა პოლონელმა მეღვინემ საქართველოდან ჩატანილ ქვევრში დაყენებული საკუთარი ღვინოებიც წარმოადგინა.

ღონისძიებაში ადგილობრივი იმპორტიორები, მეღვინეები, მედიის, სარესტორნე და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ორგანიზატორების განცხადებით, ქვევრის ღვინის წარდგენას, მოწვეული 60-ის ნაცლად, 100-მდე სტუმარი დაესწრო.

“პოლონეთი ქართული ღვინის ერთერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 2 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო და ზრდა 33%-ს აღწევს.

მსგავსი მარკეტინგული ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, უარყოფითი ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზეც მოახდინა. ღვინის ინდუსტრია დაზარალდა როგორც ექსპორტის, ისე – ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო. შექმნილი ვითარებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, მთავრობის მხარდაჭერით, სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინისპოპულარიზაცია ახალი ონლაინ პლატფორმებისა და ციფრული მარკეტინგის გამოყენებით გააქტიურდება,”, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები