შუახევის მერმა ჩირუხის მთაში ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა
შუახევის მერი, ფრიდონ ფუტკარაძე ჩირუხის მთაში იმყოფებოდა. საზაფხულო იალაღებზე შუბნის, ოლადაურის, უჩამბისა და დღვანის სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მთაში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.
მთაში მყოფ ადგილობრივებს ტკბილეული, ბავშვებს საჩუქრად ბურთები, ხოლო სხვადასხვა საჭიროების მქონე რამდენიმე ბენეფიციარს აჭარის მთავრობის სახელით სასურსათე კალათები მიუტანა და ჯანმრთელობა უსურვა.
ადგილობრივებს შუახევის მერი ხეობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციაზე ესაუბრა. ჩირუხი, როგორც ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრი, ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის, სოფლის ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების პოპულარიზაციას, ასევე, დასაქმებასა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.
ფრიდონ ფუტკარაძე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის შუახევის განყოფილების უფროს ედნარ შარაშიძესთან ერთად ჩირუხის სხვადასხვა უბანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
,,შევხვდი მოიალაღეებს და ადგილზე გავეცანი მთაში არსებულ ვითარებას. ვესაუბრე ჩირუხის მთის განვითარებაზე, მიმდინარე პროექტებსა და ინფრასტრუქტურაზე. აღსანიშნავია, რომ მთის სეზონის გახსნამდე მთებში გაიწმინდა მისასვლელი გზები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მთაში, სხვადქსხვა უბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია. მალე ამოქმედდება იალაღებზე უფასოდ გადაყვანის პროგრამა, რომლითაც ისარგებლებენ როგორც ადგილობრივები, ასევე, ტურისტები“, – აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.