ფოთში თერმული ნისლით წამლობა მიმდინარეობს
სამეგრელოს რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს საკოორდინაციო მართვის ცენტრის სამეგრელოს რეგიონულმა ჯგუფმა ფოთში გვიან ღამით მორიგი წამლობა ჩაატარა. მობილიზებული იყო რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა და შესაბამისი აღჭურვილობა. სპეციალისტებმა ქალაქის შიდა პერიმეტრი თერმული ნისლით დაამუშავეს.
ღონისძიებები უსაფრთხოების წესების დაცვით, საღამოს საათებში მიმდინარეობს, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაგეგმილი წამლობის შესახებ მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ.
საკოორდინაციო მართვის ცენტრის სამეგრელოს რეგიონული ჯგუფის უფროსის, შალვა მეტრეველის განმარტებით, მონიტორინგის შედეგად, ფოთში, სხვა ლოკაციებთან შედარებით, მავნებლის მეტი რაოდენობა დაფიქსირდა, ამიტომ წამლობის მორიგი ეტაპი, უპირველესად, ფოთში ჩატარდა. თერმული ნისლით წამლობა სამეგრელოს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად განხორციელდება.