დავით ჩიხელიძე: წინ არაერთი სიახლე გველოდება, რომელიც ქართული ჯარის გაძლიერებას ემსახურება

„ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ალბათ, ყველაზე დიდი ოპტიმისტიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ ქართული ჯარი მოძველებული, საბჭოთა დროინდელი სპეც.ტექნიკიდან, თანამედროვე ნატოს სტანდარტების მქონე სპეც.ტექნიკაზე გადავიდოდა”, – ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქართველოს თავდაცვის ძალების მსოფლიო ბრენდების ახალი სპეცტექნიკით აღჭურვას.

ჩიხელიძის თქმით, თავსებადობის კუთხით ნატოსთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ:

„საქმით დადასტურებული სიტყვის, კიდევ ერთი შემთხვევა. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა კვლავ გვაჩვენა თუ როგორი უნდა იყოს მინისტრი, მაქსიმალურად მოზომილი საკუთარ სიტყვებში და უპრეცედენტოდ მასშტაბური საკუთარ საქმეში, რეფორმებში და ა.შ. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ალბათ, ყველაზე დიდი ოპტიმისტიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ ქართული ჯარი მოძველებული, საბჭოთა დროინდელი სპეც.ტექნიკიდან, თანამედროვე ნატოს სტანდარტების მქონე სპეც.ტექნიკაზე გადავიდოდა. რამდენიმე თვის წინ კი, როდესაც აღნიშნულის შესახებ პირველი განცხადება გაკეთდა, ბევრისთვის ღიმილისმომგვრელი ჩანდა, მაგრამ დღეს გვაქვს მოცემულობა, ფაქტი, რომ მინისტრ ღარიბაშვილის მორიგი დაპირება სრულდება და რეალობად იქცევა. გაფორმებულია ხელშეკრულება 500 ერთეული სპეციალური დანიშნულების კომფორტული, თანამედროვე, ნატოს სტანდარტების მქონე ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებით. აღნიშნული გახლავთ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი გზაზე, რომელსაც ქართული ჯარის აღორძინება და გაძლიერება ჰქვია. ბრმა უნდა იყო ადამიანი, რომ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე სიკეთეები ვერ დაინახო. ვიქნები პირდაპირი და არ მომერიდება ვთქვა, ის რაც ქართულ ჯარში ხდება, კონკრეტულად მინისტრის და მისი გუნდის დამსახურებაა. დღეს მიმდინარეობს ქართული ჯარის გათანამედროვეობა, რომელიც არის არა ფასადური, არამედ რეალური. ალბათ, დამეთანხმებით, რომ თავსებადობის კუთხით ნატოსთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ. რაც მთავარია, ეს ყველფერი გზის დასაწყისია და ღრმად მწამს წინ არაერთი სიახლე გველოდება, რომელიც ერთადერთ მიზანს, ქართული ჯარის გაძლიერებას ემსახურება”, – აღნიშნავს ჩიხელიძე.

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკას მწირი შესაძლებლობები აქვს, ქვეყანას ჰყავს ადამიანებზე ორიენტირებული მინისტრთა კაბინეტი, რაც სახელმწიფოს წარმატების მიღწევის მოლოდინს ამძაფრებს.

„თავდაცვის სამინისტროს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულიად შესაძლებელია მწირი რესურსით, მაგრამ ადამიანზე ორიენტირებული მმართველობის პირობებში წარმატებას მიაღწიო. არავისთვისაა დასამალი, რომ საქართველოს ეკონომიკას მწირი შესაძლებლობა აქვს (ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდება) მაგრამ გვყავს ადამიანზე ორიენტირებული მინისტრთა კაბინეტი, (რისი მაგალითიც თავდაცვის მინისტრია) რაც მიმძაფრებს მოლოდინს, რომ საქართველო წარმატებული ქვეყანა იქნება. პ.ს. ახლახანს წავიკითხე თინა ხიდაშელის ტექსტი, სადაც თავდაცვის სამინისტროს მიერ სპეც.ტექნიკის შეძენას დადებითად აფასებს, როდესაც ოპონენტი ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს ცალსახად სამინისტროს და მინისტრის სიძლიერის აღიარებას ნიშნავს!”, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები