მარტვილის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – ლუდუკ ხასია და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე გრიგალავა მერის მოადგილესთან – აკაკი ხუნწელიასთან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტში: დიდი ჭყონის, ონოღიისა და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
“პროექტის ფარგლებში, აშენდება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 50 ბავშვზე გათვლილი ბაღი. სამშენებლო სამუშაოებს ამხანაგობა „თ.ბ. კაპიტალი, LIVE DESIGN” ახორციელებს. პროექტის მშენებლობის ღირებულება 2 212 500 ლარს შეადგენს. ბაღების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
ქალაქ მარტვილში, თავისუფლების ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავისა და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 26 244 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „მათე 2019“ ასრულებს. მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავისა და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.