“ევრონაცების“ გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებებს 116 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდა და ამ ფონზე ამბობენ, რომ ცვლილებები მათ გადაარჩინეს, ეს თავხედობაა”
„ევრონაცების“ გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებებს 116 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდა და ამ ფონზე ამბობენ, რომ ცვლილებები მათ გადაარჩინეს, ეს თავხედობაა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საფრთხე არ არსებობს.
„საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა, „ევრონაცების“ გარდა, მას 116 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდა. ამ დროს და ამ ფონზე ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მათ გადაარჩინეს. ამას ტყუილი კი არ ჰქვია, თავხედობაა, რადგან ტყუილია სხვა რამე. რომ ეთქვათ, რისკები დავაზღვიეთ და ა.შ. ეს იქნებოდა ტყუილი, რადგან რისკი არ არსებობდა. როცა 113 ხმის ნაცვლად, მათ გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს 116 ხმა ჰქონდა და მაინც ამბობენ, რომ გადაარჩინეს, თავხედობაა. პოლიტიკაში ასეთი თავხედობა დაბალი რეიტინგით ისჯება და უკვე აისახა მათ რეიტინგზე. კიდევ უფრო აისახება, თუ ამას ასე გააგრძელებენ.
საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის არანაირი საფრთხე არსებობს. ჩვენი მხრიდან გარანტირებულია 92 ხმა. შესაბამისად, ვინც მხარდამჭერია ოპოზიციიდან, დარწმუნებული ვარ, მხარს კვლავ დაუჭერენ და, აქედან გამომდინარე, რისკები ირიცხება. საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება მეორე და მესამე მოსმენით. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასწაული თქვა – მხარს ვუჭერთ, მაგრამ ხმას არ ვაძლევთო. ეს არის ნოუჰაუ, ახალი მიდგომა – მხარს უჭერ და ხმას არ აძლევ. ეს იმას ნიშნავს, რომ თავისი მოქმედებით თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩდნენ. მათზე არ გაჭრა, მათ შორის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩების თხოვნამ და მოწოდებამ. თამაშგარე მდგომარეობა თავის თავს უნდა დააბრალონ. ისედაც დაბალი რეიტინგი კიდევ უფრო დაუვარდებათ“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით გუშინ მიიღო.