ირაკლი კობახიძე: “ევროპული საქართველოს“ ხმების გარეშეც ძალიან მარტივად გავა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენაზე და მისი მიღება არავითარი საფრთხის ქვეშ არ დგას
“სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არავითარი საფრთხის ქვეშ არ დგას. 29 ივნისს წარმატებით დასრულდება კანონპროექტის მიღება და მნიშვნელობა არ აქვს „ევროპული საქართველო“ ამ ცვლილებებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისთვის დეპუტატებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ დეპუტატს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვქონდა დათვლილი ხმები. „ევროპული საქართველოს“ გარეშე დათვლილი იყო 117 ხმა, რასაც შემდეგ გამოაკლდა ემზარ კვიციანი და 116 დეპუტატს ჰქონდა დადასტურებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა, რაც იყო საკმარისი. დღეს ყველა მათგანმა დაუჭირა მხარი და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავითარი საფრთხის ქვეშ ამ კანონის მიღება არ დგას. 29 ივნისს წარმატებით დასრულდება ამ კანონის მიღება და მნიშვნელობა არ აქვს „ევროპული საქართველო“ მიიღებს თუ არა ამ ცვლილებებში მონაწილეობას. დღეს ისინი ელჩების განცხადების შემდეგ გახდნენ იძულებული მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. ალბათ, ასე იქნება მეორე და მესამე მოსმენაზეც, თუმცა მათი ხმების გარეშეც ძალიან მარტივად გავა ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რადგან მათ გარეშეც ექნება 116 დეპუტატის მხარდაჭერა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.