“მხარი დავუჭირე სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას, რადგან ეს იყო ბრძოლის შედეგად მიღებული მონაპოვარი, დღევანდელი საკონსტიტუციო ცვლილებები კი ვერანაირად ახდენს ამ გადაგდების კომპენსირებას”

ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბიძინა გეგიძემ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, ბიძინა გეგიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა.

“მოცემულობაში, როდესაც მიდის ვაჭრობა პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარტიებს შორის და ეს ყველაფერი ხორციელდება სიცრუისა და უზნეობის ფონზე, მიმდინარე პროცესი პოლიტიკურად აბსოლუტურად დევალვირებულია, არ გამოხატავს არც ხალხის და არც სახელმწიფოს ინტერესებს. ხალხის უკიდურესი სიღარიბის ფონზე, პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამომრჩეველს არ ახსოვს მათი ბიოგრაფია, ისტორია, დაპირებები, გადაგდებები, მათი არათანმიმდევრული პოზიციები, კერძო ინტერესებით მიღებული გადაწყვეტილებები. ისინი ფიქრობენ, რომ ამომრჩეველი არის ელექტორალური მასა, რომელსაც აქვს მოკლე მეხსიერება და შეიძლება მორიგი ცრუ, ყალბი პროპაგანდით არჩევნების დროს მოატყუო და მათგან იყიდო ხმები. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებთან. ქვეყანაში არის პოლიტიკური მარაზმის მოცემულობა. არ ვაპირებ მხარი დავუჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. მე მხარი დავუჭირე სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას, რადგან ეს იყო ბრძოლის შედეგად მიღებული მონაპოვარი და დღევანდელი ცვლილებები ვერანაირად ვერ ახდენს იმ გადაგდების კომპენსირებას, რაც მაშინ მოხდა”, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები