საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად უნდა განხორციელდეს.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე ბოიკოტის გამოცხადება ბევრ რამეზე მეტყველებს.
“თვითონ ბოიკოტის გამოცხადება ამ საკითხისადმი ბევრ რამეზე მეტყველებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ არჩევნების ჩატარება და ფიქრობენ, რომ რაღაც პოლიტიკური სპეკულაციებით გავიდნენ ფონს – იქნებ ვინმემ მხარი დაუჭიროს იმ მოგონილ საკითხს, რასაც ჰქვია პოლიტპატიმრების თემა.
უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და საზოგადოებამ უნდა აირჩიოს იმ რაოდენობის ხალხი რომელიც მათ სურთ, რომ იყვნენ წარმოდგენილი სხვადასხვა პარტიიდან პარლამენტში”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.
საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით კენჭს უყრის.