მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩთან განათლების მიმართულებით თანამშრომლობისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთობლივი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასს უმასპინძლა და განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად განხორციელებული პროექტები გააცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, სტუმარმა პროექტებს მაღალი შეფასება მისცა.

მიხეილ ჩხენკელმა ელჩს განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა Covid-19-ის პანდემიის გამო მსოფლიო მასშტაბით განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

ელჩის თქმით, სამინისტროს მკაფიო მითითებებს ჯანმრთელობისა და საგანმანათლებლო საკითხების შესახებ საქართველოში არსებული ფრანგული დაწესებულებები – კავკასიის ფრანგული სკოლა, ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში ზედმიწევნით ასრულებენ.

მინისტრმა ელჩს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უნიკალური პროექტი გააცნო და მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. უნივერსიტეტი, რომლის დასაარსებლად პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელა, სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბრიდან მიიღებს.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. სწორედ მასთან ერთად შეიქმნა ის აკადემიური პროგრამები, რომლითაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოპერირებას დაიწყებს. მინისტრი მიესალმა საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებთან მსგავსი ერთობლივი პროგრამების განხორციელებას განათლების ყველა საფეხურზე და აღნიშნა, რომ რენის უნივერსიტეტმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ჩაერთოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და კვლევით პროცესში.

მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად განხორციელდება თანამედროვე კვლევები სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. ადრონული თერაპიის ცენტრი ფონდმა „ქართუმ“ 40 მილიონი ევროთი დააფინანსა. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, რომელთაგან ერთი სიმსივნის მკურნალობას მოხმარდება, მეორე კი – სამეცნიერო-კვლევით პროცესს ონკოლოგიაში.

მინისტრი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის უზრუნველყოფასაც შეეხო და აღნიშნა, რომ იქ ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები ჩაატარებენ. ლექციების წაკითხვა შესაძლებელი იქნება დისტანციურადაც. ასეთი მიდგომა უნივერსიტეტმა ჯერ კიდევ პანდემიამდე შეიმუშავა.

შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული პროექტის – „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის“ შესახებაც ისაუბრეს. დიეგო კოლასის თქმით, საქართველოში დაგეგმილია ფრანგული ენის სასერტიფიკატო გამოცდების ცენტრის დაფუძნება, რომელიც მთელს რეგიონს მოემსახურება. ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით კი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის შესაბამისი ფონდები დაარსდება.

მიხეილ ჩხენკელმა ფრანგულ მხარეს ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელება შესთავაზა. ასევე, ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების, კულტურული და სპორტული პროგრამების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საელჩოს წარმომადგენლები: ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი – პიერ კლუე და ლინგვისტური და საგანმანათლებლო სფეროს კოორდინატორი – დავიდ ტერტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები