დაიბადა ბორჯომში, სკოლის პერიოდში განსაკუთრებით კარგად ეუფლებოდა უცხო ენას. ლექსებსაც წერა, თუმცა არ აქვეყნებდა. შემდეგ საბერძნეთს მიაშურა სამსახურის საძებნელად. მუშაობს ათენში. პოეზიით გადმოსცემს განცდებს. მისი ლექსები გამოქვეყნდა საბერძნეთში ქართული დიასპორის გაზეთ „ელადაში“, ასევე მშობლიური ბორჯომის საქალაქო გაზეთში. რამდენიმე ლექსი ამღერდა კიდეც.
ამბობს, რომ მხოლოდ შთაგონებით წერს. „დავალებული“ ლექსი არც მისთვის და არც მკითხველისთვის სასიამოვნო არ იქნება.
აპირებს კრებულის გამოცემას. – ინგა ლონდარიძის პერსონა.
– დავიბადე ბორჯომში, რომელსაც სილამაზის გამო პატარა სამოთხე შევარქვი… თუმცა ეს ქალაქი ჩემი ბავშვობისა და ლამაზი წლების სამოთხეც არის. აქ სახლობენ ჩემი ტკბილი მოგონებები.
რაც შეეხება მშობლებს, მამა დიდი ხნის წინ გარდამეცვალა, ალალ-მართალი ადამიანის სახელით წავიდა ამ ქვეყნიდან. ეს ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს, როცა ყოველ ნაბიჯზე კარგი მხვდება მასზე….
მყავს დედა, სიყვარულით, სითბოთი და სათნოებით სავსე ადამიანი, ის ჩემი ღმერთია. მყავს და და ერთი ძმაც – საიმედო ადამიანები!
– სკოლა…
– სკოლის პერიოდი ყველაზე ბედნიერი და განუმეორებელი ხანაა. გამორჩეულად მიყვარდა ინგლისური ენა. ამ დროს ბევრი ლექსი მქონდა დაწერილი, თუმცა არავის ვუკითხავდი, რატომღაც მეგონა, რომ სხვისთვის საინტერესო არ იქნებოდა. ვფიქრობ, ვცდებოდი.
ვწერდი და ვინახავდი. დღეს კი რამდენიმე იმდროინდელი ლექსი საჯაროდ დავდე და მოწონებაც დაიმსახურა.
– ემიგრანტი ხართ – ათენში ცხოვრობთ და სწავლობთ…
– საბერძნეთში წამოსვლა საქართველოში სამსახურის არქონის გამო გადავწყვიტე, არ მქონდა სტაბილური შემოსავალი, ისევე როგორც ყველა ემიგრანტს, მეც ამ მიმიზეზით აღმოვჩნდი უცხო ქვეყანაში. პარალელურად ვსწავლობ ბერძნულ ენას. მინდა ძირფესვიანად შევისწავლო ეს ენა.
სწავლისთვის გვიანი არასოდესაა.
– ემიგრანტობის პერიოდში რამდენად ნაყოფიერად მუშაობთ?
– ჩემი სამსახური არანაირად მიშლის ხელს, რომ პარალელურად ლექსებიც ვწერო… დასვენების საათებსა თუ დღეებს ლექსების წერას ვუთმობ. ბევრი დრო მაქვს ამისთვის.
– კორონავირუსის პანდემიის დროს უცხო ქვეყანაში იყავით. როგორ იმოქმედა კარანტინმა შემოქმედების თვალსაზრისით…
– კარანტინი ცუდია. საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ მძიმე ლექსებით არ გამომიხატავს განწყობილება. ყველაფერი დროებითია და გაივლის.
საბერძნეთსა საკმაოდ ვრცლად მოვედო ვირუსი, თუმცა ქვეყანამ დროული ზომები მიიღო, ამიტომ დაავადებისა და სიკვდილიანობის რიცხვი აქ შედარებით დაბალია. ჩაკეტილობის გამო სტრესი არასოდეს გამჩენია.
– ესპანეთში მცხოვრებმა მუსიკოსმა და შემსრულებელმა მაია სიჭინავამ თქვენს სამ ლექსზე დაწერა სიმღერა… ერთ ლექსს ზაირა ნარიმანიძეც მღერის ფანდურზე…
– ქალბატონმა მაიამ ჩემი ლექსები აამღერა, რაც სასიამოვნო და სასიხარულოა. უზომოდ მაბედნიერებს, როცა ჩემს ლექსებზე მღერიან.
ჩემს ლექსებიდან ვერცერთს გამოვარჩევ, ისინი შვილებივით მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს ერთი ლექსი, რომელიც ადრეულ ასაკში დავწერე, „დამჩემდა ნატვრა“ სწორედ ქალბატონმა მაიამ აამღერა, რამაც უზომოდ გამახარა.
რამდენიმე დღის დაწერილი მქონდა ლექსი, უნიჭიერესმა ქალბატონმა ზაირა ნარიმანიძემ რომ წაიკითხა და ამღერების სურვილი გამოთქვა. მან მალევე შექმნა მელოდია და აამღერა. მადლობა მათ.
– შთაგონება …
– შთაგონების წყარო შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს, უმეტეს შემთხვევაში, ბუნება და მასთან ტრფიალი მიყვარს.
არასოდეს ვაძალებ თავს ლექსის წერას. მუზა აუცილებელია. „დავალებული“ ლექსი არც ჩემთვის და არც მკითხველისთვის სასიამოვნო არ იქნება, ამიტომ ნელი ნაბიჯებით მივუყვები პოეზიის გზას და რამდენად კარგად გამომდის, ამას უკვე მკითხველი შეაფასებს. ვფიქრობ, მთავარი სათქმელი ჯერ არ მითქვამს.
– სატრფიალო ლირიკული ლექსები გაქვთ…
– სატრფიალო ლექსები ძალიან მიყვარს. მათი წერა ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა. იმედია, კარგად გამომდის, რადგან რამდენიმე ამღერდა კიდეც ნიჭიერი ადამიანების მიერ.
– მარიტა ქართულ პოეზიაში ცნობილი თემაა. ვერც თქვენ აუარეთ გვერდი…
– ფილმი „ნატვრის ხე“ ძალიან მიყვარს…ერთ დღესაც, ფილმის ნახვის შემდეგ, გამიჩნდა სურვილი, დამეწერა ისეთი ლექსი, რომლითაც ოდნავ მაინც გადმოვცემდი მარიტას სიყვარულის ამბავს… არ ვიცი, რამდენად გამოვიდა.
– ერთი ლექსი…
– ფშავს შეგაფარებ…
ყელი ირმისა, ჩამოქნილი ტანი ლერწამის,
სალი კლდისფერი თმა ჩამოგდის მკერდის გორებზე,
ქალავ, მწყურიხარ, სიყვარული
შენი მეწადის,
შენი სიტურფით, მოვიხიბლე
ვაჟი მოხევე.
არც რა მინახავს მთის მშვენება
ამაზე კარგი,
ნუ მიწყენ, ქალავ, სატრფიალო თუ შემოგბედე,
შენკენ მიხმობენ გზები შენი, მოდი…. მეძახის,
ცეცხლის ალები, გულის გულში უმალ მოედვნენ.
შეგტაცებ ხელს და სანამ ცანი ღრუბლებს მორეკენ,
მკლავს დავისვენებ შენს სიტურფეს,
დალალგადაშლილს,
სანამ მთიულნი ბარში კეთილ
ჭორებს მოჰფენენ,
ფშავს შეგაფარებ, სატრფიალოდ ლექსებს გადავშლი.
– ფშაური, მთიულური, ხევსურული… ზოგადად, მთის თემა გვხვდება თქვენს პოეზიაში… რამით უკავშირდება თქვენი ცხოვრება მთას?
– მინდა გითხრათ, რომ მთაზე შეყვარებული ვარ, უზომოდ მიყვარს ბუნება და სიმშვიდე. ჩემი ლექსებიც ამ შთაბეჭდილებებით იწერება.
– ოჯახი, შვილები…
– მყავს მეუღლე და ერთი შვილი, 20 წლის სტუდენტი ვაჟი.
– ჰობი…
– ალბათ კულინარია, რადგან მიყვარს კულინარიაში სიახლეების შეტანა და სამზარეულოში ფუსფუსი.
– სამომავლო გეგმები…
-.სამომავლოდ ბევრი გაგმა მაქვს პოეზიასთან დაკავშირებით… ამას დრო გვიჩვენებს. მაგრამ უახლესი მთავარი სამომავლო გეგმა მაინც ჩემი შვილის წინსვლა და წარმატებაა, რომელსაც შეძლებისდაგვარად, როგორც მშობელი, ყველანაირად ვცდილობ, ხელი შევუწყო.
თამარ შაიშმელაშვილი