“ჯანდაცვის სისტემის ყველა უწყების ერთობლივმა ნაბიჯებმა მოგვცა საშუალება, რომ ვირუსის პირველი ტალღა ვმართეთ და დღეს ამაყად ვდგავართ საზოგადოების წინაშე”
“ჯანდაცვის სისტემის ყველა უწყების ერთობლივმა ნაბიჯებმა მოგვცა საშუალება, რომ პირველი ტალღა ვმართეთ და დღეს ამაყად ვდგავართ საზოგადოების წინაშე”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ერთი წლის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.
„ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო სისტემური მიდგომა და კოორდინაცია, რათა სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სისტემას, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ერთობლივად, უხარვეზოდ ეთანამშრომლა ჰოსპიტალურ სექტორთან, რათა ჩვენს ექიმებს, სამედიცინო პერსონალს ჰქონოდა უზრუნველყოფილი ყველა საჭირო აღჭურვილობა მათი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისთვის. ასევე, თითოეული პაციენტის დროული იდენტიფიცირება, მათი ლოკალიზება და შემდეგ სწორი და უსაფრთხო გადაადგილება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებამდე. ეს იყო ნამდვილად ძალიან დიდი გამოწვევა და პრიორიტეტი.
ყველა ამ უწყების ერთობლივმა ნაბიჯებმა მოგვცა საშუალება, რომ ეს პირველი ტალღა შევძელით და ვმართეთ და დღესდღეობით ამაყად ვდგავართ ჩვენი საზოგადოების წინაშე, ვინაიდან გამოვიჩინეთ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნამდვილად, ვერც ექიმები და ვერც სამთავრობო გუნდის ერთობლიობა და კოორდინაცია ვერ მოგვცემდა იმ შედეგს, რომ არა ჩვენი მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობა და მათი გვერდში დგომა და სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავიაზროთ და გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ სამომავლოდაც ეს კოორდინაცია აუცილებლად გაგრძელდება, ვინაიდან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაავადება ჯერ არსად არის წასული, ის ჯერ ჩვენთან ერთადაა და სწორედ ახლა არის მნიშვნელოვანი, რომ გაგრძელდეს ჩვენი კოორდინირებული ნაბიჯები, რათა შევძლოთ შემდეგი ეტაპების წარმატებულად დასრულება. სამინისტროს მხრიდან კი, თავისთავად, ჯანდაცვის კუთხით მნიშვნელოვანი არის, რომ გავატაროთ გლობალურად საჭირო ის რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობას, როგორც ფინანსურს, ასევე გეოგრაფიულს და ჩვენი მოქალაქეებისთვის, ნებისმიერი სოციალური ფენისთვის ხელმისაწვდომი იქნება ჯანდაცვის ხარისხიანი სერვისები. სწორედ ამ წერტილზე, ვპირდები ჩემს მოქალაქეებს, რომ არც ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან გადადგმული, რათა ჩვენ დავიცვათ მათი ჯანმრთელობის უფლება და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.