ირაკლი სესიაშვილი: შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები საქმეს გამოიძიებენ და საზოგადოებას ეტყვიან, რა მოხდა

“მოდით, ნუ ვიქნებით რომის პაპზე უფრო კათოლიკეები, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები საქმეს გამოიძიებენ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდირების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ცივილიზებულ სახელმწიფოს აქვს არა ემოციური რეაქცია, არამედ სახელმწიფოებრივი, დემოკრატიული პასუხი.

„თავისთავად ცხადია, გამოძიება უნდა დასრულდეს. მოდით, რომის პაპზე მეტი კათოლიკეები ნუ ვიქნებით. შევხედოთ სახელმწიფოებრივად და სისტემურად.
დანაშაულის მცდელობა აღიკვეთა, გამოძიება მომდინარეობს. ცივილიზებულ სახელმწიფოს აქვს არა ემოციური რეაქცია, არამედ სახელმწიფოებრივი, დემოკრატიული პასუხი.

პასუხი არის, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები საქმეს გამოიძიებენ, საერთაშორისო საზოგადოებას ეტყვიან, რაც მოხდა.

ჩვენი ნებისმიერი ემოციური განცხადება არის ემოციური რეაქცია. მთავარი აქ სახელმწიფოებრივი რეაქციაა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დანაშაული აღკვეთა. მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ, ხელისუფლებას გვაქვს პასუხისმგებლობა გამოძიების მიყვანაზე და არა ის, რომ მე რეალურად მტერს ვისაც ვხედავ, მას მივაწერო, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი და საფუძველი არსებობს. გამოძიება დასრულდება და ყველას გვექნება საგამოძიებო ორგანოებისგან პასუხები. ამ პასუხებზე გვექნება კომენტარიც, რეაქციაც და მოქმედებაც“,- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ცნობისათვის, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული – ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები