ნათია თურნავა: მზად ვართ, სტარტაპებს მომავალშიც მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ სტარტაპეკოსისტემის გაძლიერების მიმართულებით

„დღეს, როდესაც გლობალურად ყველა ახალი რეალობის წინაშე დავდექით, განსაკუთრებით ფასობს ახალი აზრი, ახალი მიდგომა და ინოვაცია ნებისმიერი საკითხის მიმართ ნებისმიერ სფეროში”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ახალი – 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამის გამოცხადების შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია დღეს თბილისის ტექნოპარკში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ 100 000 ლარიანი გრანტების პროგრამა უკვე მეხუთედ ტარდება.

როგორც ნათია თურნავამ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 100 000 ლარიანი და 650 000-ლარიანი გრანტები უკვე სისტემატურ, ტრადიციულ პროგრამად და საქართველოში განვითარებადი სტარტაპ ეკოსისტემის ნაწილად იქცა.

„დღემდე 76 გამარჯვებული ჯგუფი გვყავს, რაც დიდი მიღწევაა და იმედი მაქვს, წელს ჩვენ ამას 100-მდე მივიყვანთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახლა უკვე კონკურსის მე-5 ეტაპი გვაქვს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შექმნილია გარკვეული ისტორიის მქონე ბაზარი და ასევე უმჯობესდება ეკოსისტემაც”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ეს არის საკმაოდ მაღალ სტანდარტებზე აწყობილი პროგრამა, რადგან მის მონაწილეებს აფასებენ სილიკონ ველის ვენჩურული ფონდები, ენჯელ-ინვესტორები, მათი წარმომადგენლები, ექსპერტები.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ის, რაც მათთვის მისაღებია, ძალიან დიდი ალბათობით, შეიძლება გლობალურადაც საინტერესო იყოს. ჩვენს კონკურსში გამარჯვება იმის წინაპირობაა, რომ თქვენ შეიძლება გლობალურ ასპარეზზე გქონდეთ მეორადი უკვე დაფინანსების და ინვესტორების მოზიდვის კარგი შანსი”, – აღნიშნა მან.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გრანტი კონკურსის ძალიან მნიშვნელოვანი, ლოგიკური დასასრულია, მაგრამ თვითმიზანი არ არის, უფრო მნიშვნელოვანი ამ პროცესში დამწყები სტრატაპერების მიერ მიღებული ცოდნა და გამოცდილებაა.

„ეს არის არაჩვეულებრივი სკოლა, რადგან ჩვენი დახმარებით თუ ჩვენი დახმარების გარეშე, თქვენ გააგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას და დაგჭირდებათ ეს გამოცდილება, როდესაც თქვენს პირველ ინვესტორებს შეხვდებით პირისპირ და შეეცდებით დაარწუნოთ, რომ თქვენი იდეა, პროექტი იმსახურებს მათ მხარდაჭერას და დაფინანსებას. ასე რომ, გაიმარჯვებთ თუ არა, აქედან ყველაზე დიდი ბენეფიტი – ახალი ცოდნა მიგაქვთ და ეს იყო ჩვენი ამოცანა, როდესაც ამ პროგრამის დიზაინს ვაკეთებდით. ჩვენ მზად ვართ, მომავალშიც მაქსიმალურად გვერდით დაგიდგეთ სტარტაპეკოსისტემის გაძლიერების მიმართულებით”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ოთხი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 76 სტარტაპი დაფინანსდა. თითოეულ მათგანს 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტი გადაეცა. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები