ირაკლი კობახიძე: მაღალი ალბათობით, არ უნდა დაგვჭირდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და, შესაბამისად, არ გადაიდება არჩევნები
“პანდემიასთან ბრძოლის კუთხით ისეთი დინამიკა გვაქვს, მაღალი ალბათობით, არ უნდა დაგვჭირდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და, შესაბამისად, არჩევნები არ გადაიდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის გარკვეული პირობა შეიქმნება.
“არჩევნების თარიღი არის დაფიქსირებული ბოლო საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ უშუალოდ კონსტიტუციაში, ეს არის ოქტომბრის ბოლო შაბათი და ეს არის ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა. რაც შეეხება არჩევნების თეორიულად გადადებას – ეს, ერთადერთი, შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბერში იქნება საგანგებო მდგომარეობისთვის შექმნილი გარკვეული პირობები, თუმცა ისეთ დინამიკა გვაქვს პანდემიასთან ბრძოლის კუთხით და ისეთი წარმატებული ისტორია გვაქვს აქამდე ამ ბრძოლაში, რომ, მაღალი ალბათობით, არ უნდა დაგვჭირდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და, შესაბამისად, არ გადაიდება არჩევნები. გვრჩება თეორიული ვარიანტი, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი გასული დღეების განმავლობაში, თუმცა ამის ალბათობა, მე მაქვს რწმენა, რომ არის საკმაოდ დაბალი”, – განაცხადა კობახიძემ.