პრემიერი: საქართველოში უნდა ჩატარდეს ყველაზე სუფთა, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში ყველაზე სუფთა, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები უნდა ჩატარდეს.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საარჩევნო წელია, საკონსტიტუციო ცვლილების პროცესი კი წარმატებით უნდა დასრულდეს.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ მიმდინარეობს საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც, რა თქმა უნდა, წარმატებით და, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება, ისე უნდა დასრულდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება, მაგრამ ამის შემდეგომ უკვე ქვეყანა დგება ახალი გამოწვევის წინაშე, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს ყველაზე სუფთა, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები და ეს ყველაფერი რომ წარმოგვიდგენია, თუნდაც ეპიდემიოლოგიური შეზღუდვების პარალელურადაა, რა თქმა უნდა, ეს არის ის გამოცდილება, რომლის სისტემატიზაციაც, სტრუქტურირებაც ჩვენ უნდა მოვახერხოთ.
ვფიქრობ, ჩვენ, ყველას კარგად გვესმის, რომ ის ღონისძიებები თქვენთან ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაატარა ბოლო 4-5 თვის განმავლობაში, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, ვთქვათ, ქვეყანაში ინსტიტუტები ძლიერდება. მე ხშირად ვიმეორებ-ხოლმე ჩვენს მოქალაქეებთან საუბრის დროს, რომ ასეთი გამოწვევების, კრიზისების სწორი მართვით იქმნება წარმატებული სახელმწიფოები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.