არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლება ოპოზიციასთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას იმ წესებზე, რომელთა დაცვაც საარჩევნო პროცესში იქნება საჭირო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციასთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას იმ წესებთან დაკავშირებით, რომელთა დაცვაც საარჩევნო პროცესში იქნება საჭირო.
როგორც თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ხელისუფლება ეცდება, არჩევნების ჩატარების ისეთი წესი შეიმუშავოს, რომელიც მოქალაქეებს ინფექციის გავრცელებისგან დაიცავს.
„მოგეხსენებათ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო რეკომენდაციები. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით, რომ შევიმუშავეთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ისეთი წესი, რომელიც, ერთი მხრივ, მოქალაქეებს დაიცავს ინფექციის გავრცელებისგან, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს საარჩევნო უფლების სრულ რეალიზებას. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, ჩართულია ცენტრალური საარჩევნო კომისია, ჩართულნი არიან ჩვენი პარტნიორები. მივმართეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მოგვცენ ამ თემაზე კონსულტაცია და რჩევები, თუმცა, საბოლოოდ, რასაკვირველია, ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება კონკრეტულად ის წესები, რომლებიც საარჩევნო პროცესში იქნება საჭირო.
ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მაქსიმალურად ვემზადებით და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიის გაძლიერება. ჩავატაროთ, თავისუფალი, გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნები, კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით და ამისათვის, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერა, მეორე მხრივ – საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების აქტიურობა. ხელისუფლება ვართ ძალიან მონდომებული, რომ რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებელი ჰყავდეს ამ არჩევნებს. ბუნებრივია, არსებობს „კოვიდ-19“- თან დაკავშირებული გამოწვევები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ პროცესის ეფექტიან მართვას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.