15 ივნისიდან, ტექნიკურ უნივერსიტეტში IV კურსელებისთვის ლაბორატორიული მეცადინეობა განახლდება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტებისთვის, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, მეორე სემესტრის ის ლაბორატორიული მეცადინეობები განახლდება, რომლის ჩატარებაც ონლაინ რეჟიმში შეუძლებელი იყო. დისტანციური სალექციო კურსები კი ლაბორატორიული მეცადინეობის პარალელურად გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აკადემიური ჯგუფების ცხრილში შესაბამისი ცვლილებები უკვე ასახულია. ლაბორატორიული მეცადინეობები ცხრილში მითითებულ აუდიტორიებში ჩატარდება.
განახლებული ცხრილი განთავსებულია ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.gtu.ge – რუბრიკაში „აკადემიური მოსწრება“ და დისტანციური სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე www.elearning.gtu.ge .
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს სტუდენტებს, ლაბორატორიულ მეცადინეობებზე დასაწრებად თან იქონიონ პირბადეები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თავის მხრივ, ლაბორატორიული სასწავლო პროცესის ჩატარებას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებითა და პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების სრული დაცვით უზრუნველყოფს.
რაც შეეხება ბაკალავრიატის I, II, III კურსის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, მათთვის ლაბორატორიული მეცადინეობების განახლების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდებზე წინასწარ განთავსდება.