კახა კალაძე: უღრმესი მადლობა ყველას 13 ივნისის სტიქიის დროს გამოჩენილი სოლიდარობისა და თანადგომისთვის
თბილისის მერმა, კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. მან ყველა ადამიანს, ახალგაზრდასა და მოხალისეს, რომლებმაც სტიქიის შემდგომ სოლიდარობა და თანადგომა გამოიჩინეს მადლობა გადაუხადა.
„ხუთი წელი გავიდა 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან, რომელიც ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ყველას გვახსოვს, თუ რამდენად მძიმე იყო ის ღამე, მე პირადად ვიმყოფებოდი ყველა ლოკაციაზე და მახსოვს, რამდენად უსუსურები ვიყავით სტიქიის წინააღმდეგ. ყველაფერი იყო ჩაბნელებული, ისმოდა ადამიანების ძახილი, ყვირილი დახმარების გაწევასთან დაკავშირებით, ცხოველების ღმუილი, უმძიმესი სიტუაცია იყო, ძალიან მძიმე, დანგრეული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა და ყველაზე რთული – გარდაცვლილი ადამიანები, რომლის სიცოცხლის დაბრუნებას ჩვენ ვერ შევძლებთ.
რაც შეეხება მეორე, მესამე დღეს, რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა, როდესაც გამოჩნდა ახალგაზრდების ძალიან დიდი ჯგუფი, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი და ერთმანეთის მხარდამხარ, ერთმანეთის მხარდაჭერით ხდებოდა სამუშაოების წარმოება, რაც ნამდვილად დასაფასებელია. ყველა მოხალისეს, ყველა იმ ახალგაზრდას, ყველა იმ ადამიანს, კიდევ ერთხელ მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო სოლიდარობის, მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რაც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდგომ გამოიჩინეს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.