კარლ ჰარცელი: დღემდე მიღწეულმა შედეგებმა საქართველოს დამსახურებული აღიარება მოუტანა

დღემდე მიღწეულმა შედეგებმა საქართველოს დამსახურებული აღიარება მოუტანა, -ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, საბჭოს ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა, რომ დღემდე მიღწეულმა შედეგებმა საქართველოს დამსახურებული აღიარება მოუტანა.

„დღემდე მიღწეულმა შედეგებმა საქართველოს დამსახურებული აღიარება მოუტანა. ჯანდაცვის სფეროში გამოწვევები დარჩება და იგივე შეეხება ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს. მათ შორისაა ადამიანის უფლებების დაცვაზე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების განხორციელება პოლიტიკური კურსის შედეგად, რაც მოქალაქეებისადმი ნაკისრ პასუხიმგებლობასაც მოიცავს. ამდენად, ეს ორგანო უნიკალურად კარგად არის წარმოდგენილი ამ საკითხების მოსაგვარებლად. გაწეული ძალისხმევისთვის გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ მთავრობის ადმინისტრაციის ერთგული და დინამიური გუნდისა და ადამიანის უფლებების სამდივნოს მიმართ,“- აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩმა, აგრეთვე, ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა საბჭოს ძალისხმევას და ქმედით გადაწყვეტილებებს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარების და გენდერული თანასწორობის ნაწილში. კარლ ჰარცელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე.

„მილოცვას იმსახურებს იუსტიციის სამინისტრო, რომელმაც ნანატრი კანონპროექტი შეიმუშავა შშმ პირების შესახებ. იმედი გვაქვს პარლამენტი მას დაამტკიცებს და მზაობას ვაცხადებთ მისი განხორციელების მხარდაჭერაზე. ასევე, პერსპექტიულად მიგვაჩნია შშმ პირების საკითხებზე სრული დატვირთვით მომუშავე კომიტეტი, რომელიც კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისია. გასულ წელს ბავშვთა უფლებების შესახებ კოდექსის წარმატებული დამტკიცების შემდეგ მივესალმებით მისი განხორციელებისთვის ყველა დონეზე განხორციელებულ სამუშაოს. ასევე მივესალმებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობას, რომელიც საბჭოს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ფარგლებში ჩამოყალიბდა. მივესალმებით, ასევე, ცალკე დეპარტამენტის სახით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ერთეულის შექმნას შინაგან საქმეთა სამინისტროში. და ბოლოს, ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმაში ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ თავის დამტკიცება საეტაპო მოვლენად მიგვაჩნია ,“- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებები პანდემიის დროს – ამ თემის ირგვლივ საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატისა და სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები