ონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მერის მოვალეობის შემსრულებელმა – დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან – გიორგი მაქარაშვილთან და სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთან – თეიმურაზ გძელიშვილთან ერთად, მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
მათივე ცნობით, ზოგიერთ მონაკვეთზე მეწარმეებს ხარისხის გამოსასწორებლად შენიშვნა მიეცათ.
“სოფელ ფსორში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ჯამური ღირებულება 10000 ლარია. სოფელ ხირხონისში – ( ასევე ქორთასა და ქრისტესში) სასმელი წყლის სისტემა ეწყობა, რომლის ჯამური ღირებულება – 17956.05 ლარია და სახელმწიფო აფინანსებს. სოფელ გომში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მისი ჯამური ღირებულება – 10 000 ლარია. ხოლო სოფელ ლაგვანთაში – მდინარე საკაურაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები, კალაპოტის ფორმირება ხდება. პროექტის ჯამური ღირებულება – 74462, 89 ლარია და სახელმწიფო აფინანსებს.
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.