“თავდაცვის უწყება სამხედროებისთვის პრივილეგიების დაწესების საკითხზე მუშაობს”
“გვსურს, სამხედროების ID ბარათს შევძინოთ პრივილეგიები”, – ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ, ამერიკული მოდელის საფუძველზე, უწყება სამხედრო მოსამსახურეებისთვის პრივილეგიების დაწესების საკითხზე მუშაობს.
„გვსურს, სამხედროების ID ბარათს შევძინოთ პრივილეგიები და ამ საკითხზე ვაპირებ, გავმართო შეხვედრები სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან, უნივერსიტეტებთან. ჩვენ გვსურს, მეტი კომპანია ჩაერთოს სამხედროებისადმი პრივილეგიების მინიჭების კამპანიაში“, – განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრმა განათლების მიმართულებით ინიციატივაც გაახმოვანა – იგეგმება სამხედრო მოსამსახურეების წარჩინებული შვილების სწავლის თანადაფინანსება, სამხედროების წარჩინებულ შვილებს მინისტრის სახელობის სტიპენდია დაენიშნებათ.