ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან -გიორგი მაქარაშვილთან ერთად, განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის და ა(ა)იპ ტურისტული საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
როგორც “რეგიონული კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში ტურიზმის სფეროს პერსპექტივებს, არსებულ პრობლემებსა და შესაძლებლობებს, აგრეთვე, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მზაობასა და ონის მუნიციპალიტეტის პოტენციალის გამოყენების მიზნით ღონისძიებათა სისტემატიზაციას.
“მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავალება მისცა შეხვედრის მონაწილეებს, წარმოადგინონ მოსაზრებები ტურიზმის განვითარების მიმართულებებთან, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნასთან და ადგილობრივი კულინარიის ტურისტული თვალსაზრისით განვითარებასთან დაკავშირებით.
დავით ჩიკვაიძემ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მუნიციპალიტეტში არსებული სიახლეების შესახებ, რაც მიმდინარე და მომავალ წელს ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით იგეგმება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.