შალვა კიკნაველიძე: ქართულმა ჯარმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები გამართულად ფუნქციონირებს

უმრავლესობის წევრმა, შალვა კიკნაველიძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში მყოფ თავდაცვის მინისტრს “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში შესყიდვების კუთხით არსებულ დარღვევებზე ინფორმაციის გასაჯაროება თხოვა.

“ქართული ოცნების” დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პანდემიის პერიოდში ქართული ჯარის საქმიანობამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები გამართულად ფუნქციონირებს.

„ბოლო პერიოდში ჩვენი ხელისუფლება განსაკუთრებულ ნაბიჯებს დგამს, როგორც თავდაცვის სისტემის, ისე ჯარისკაცების პირობების გაუმჯობესების მიმართულებით; იქნება ეს ინფრასტრუქტურა, შეიარაღება, თუ სხვა. რა თქმა უნდა, ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის ქართულ ჯარს; ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მსოფლიო უსაფრთხოებაზე და მონაწილეობენ საერთაშორისო მისიებში. ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნით ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული როლი შეასრულეს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და ამით მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახეს, რომ ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები გამართულად ფუნქციონირებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღეს ყველაზე მაღალ სტანდარტზეა საქარველო ნატოს ურთიერთობები და ეს ორმხრივი მიმართულებით განხორციელებულ პროექტებშიც კარგად ჩანს. თქვენ ისაუბრეთ ახალი ტიპის ჯაველინების შესყიდვაზე, M4-ის შაშხანების შესყიდვაზე. რა თქმა უნდა ეს კარგია, კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თავდაცვის ძალებს. თუმცა, ბოლო პერიოდში ასევე კარგად ჩანს, რომ ოპოზიცია ახდენს ყველა იმ საკითხის დისკრედიტაციას, რომელიც ქართული ჯარის გაძლიერებასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, მინდა გთხოვოთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა მათ პერიოდში შესყიდვების მხრივ. სად წავიდა ის ასობით მილიონი ლარი, რომელიც ქართული ჯარის გაძლიერებისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული და რა ზიანი მიადგა ამით ჩვენ თავდაცვის ძალებს, ჯარისკაცებს და სახელმწიფოს”, – განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები