საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უმთავრეს გამოწვევად რჩება ოკუპაცია. ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, შავი ზღვა, კავკასიის რეგიონის მილიტარიზაცია და იქ განლაგებული რუსეთის ფორმირებული შეზღუდული წვდომის ზონები მნიშვნელოვნად ართულებს რეგიონზე დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ წვდომას.
„ჩვენ წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მივიღეთ ურთულესი უსაფრთხოების გარემო და ყოველდღიურად გვიწევს ე.წ. ბორდერიზაციასთან გამკლავება. კავკასიის რეგიონზე დემოკრატიული სამყაროს წვდომისთვის ჩვენს ქვეყანას აქვე კრიტიკული მნიშვნელობა. რეგიონის მნიშვნელობის ფონზე იკვეთება საქართველოს წინაშე, ისევე – როგორც მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაზე მომდინარე პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხეები, რომელთა პრევენციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქნილი და ეფექტიანი თავდაცვითი შესაძლებლობების არსებობას. შავი ზღვა, კავკასიის რეგიონის მილიტარიზაცია და იქ განლაგებული რუსეთის თანამედროვე საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო კომპონენტებით ფორმირებული შეზღუდული წვდომის ზონები, მნიშვნელოვნად ართულებს რეგიონზე დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ წვდომას.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზები, კერძოდ მე-7, მე-4 სამხედრო ბაზები და რეგიონის გამალებული მილიტარიზაცია არღვევს ძალთა ბალანსს და საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოების გარემოს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.