შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული საქართველოში აშშ-ს ელჩს შეხვდა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ხოჯევანიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანსა და საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. სახელმწიფო რწმუნებულმა კელი დეგნანს შიდა ქართლის რეგიონის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის ტურისტულ, აგრარულ და საინვესტიციო პოტენციალს.

მხარეებმა რეგიონის გამოწვევებზეც ისაუბრეს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის საკითხზე. ასევე, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს და ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მოგვიანებით, შიდა ქართლის რწმუნებულმა ამერიკის საელჩოსა და USAID საქართველოს წარმომადგენლებს გორის ციხეზე უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გორელი კერამიკოსის გიორგი ტატულაშვილის ნამუშევრების გამოფენა დაეთვალიერებინათ და ადგილობრივი წარმოების ტკბილეული და ღვინოები დაეგემოვნებინათ. ასევე, ამერიკის ელჩი გორისა და გორის ციხის შესახებ ისტორიასაც გაეცნო.

,,დღეს, გორში ამერიკის ელჩის ვმასპინძლობთ, იმ ქვეყნის ელჩს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტარატეგიული პარტნიორია. შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ვისაუბრეთ. მადლობას ვუხდი, ელჩს თანადგომისთვის და ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ საჭირო და მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტებს განვახორციელებთ”, – აღნიშნა რწმუნებულმა.

აღსანიშანვია, რომ ამერიკის ელჩის საქართველოს მასშტაბით გასვლითი ღონისძიებები შიდა ქართლის რეგიონიდან დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები