კახა კალაძე: აშშ ჩვენი სტრატეგიული ქვეყანაა, ლობისტები ვერანაირად ვერ შელახავენ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს

თბილისის მერმა, კახი კალაძემ ამერიკელი კონგრესმენების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს ლობისტები ვერ შელახავენ.

„ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. მოყოლებული 2012 წლიდან ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ოფიციალური გზავნილები, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით იყო მხოლოდ და მხოლოდ შეფასებები. ეს დოკუმენტიც შინაარსობრივად არის ძალიან პოზიტიური, აქ საუბარია ნატო-სთან ჩვენს ურთიერთობაზე, რომ ვართ ერთ-ერთ უმაღლეს წერტილზე თანამშრომლობის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ხაზი გავუსვა იმ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ერთ სიტყვას, რომელიც აბსოლუტურად წინააღმდეგობაშია წერილის შინაარსთან. ვერანაირი ლობისტების მუშაობა ვერ შეუშლის ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას, ვერ შელახავს, აშშ არის ჩვენი სტრატეგიული ქვეყანა. რაც არ უნდა ეცადონ ლობისტები, ვერანაირად ვერ შელახავენ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს და მის ღვაწლს ქვეყნის წინაშე“, – აღნიშნა კახი კალაძემ.

ცნობისათვის, დოკუმენტში, სახელწოდებით: „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“, რასაც ხელს აშშ-ის 13 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი აწერს, საუბარია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე.
„ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“, – ნათქვამია დოკუმენტში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები