„ოცნება თექამ ამიხდინა“ – ვისთვის შეიქმნა მინდვრის ყვავილების პირველი ფერწერული თაიგული?

ხელოვნების სიყვარული ოჯახიდან დაიწყო. მამამ გაუღვივა, რომელიც კონსტრუქტორი იყო და მთელი  ცხოვრება  ტაძრების აღდგენასა და აგებას ემსახურებოდა.
ხელნაკეთი ნივთებიც ბავშვობიდან უყვარდა.  თექით კი სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს დაინტერესდა. ახლაც ინახავს პირველ ნამუშევარს – თექის საყურეს.
ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ კი – დოქტურანტურა, ქართული უნივერსიტეტის ეთნოლოგიის ფაკულტეტზე.
2004 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. თანაავტორია  რამდენიმე ძალიან საინტერესო პროგრამისა სკოლის მოსწავლეებისათვის.
მუზეუმში დაცული ექსპონატების საშუალებით აცნობს ბავშვებს ძველ ქართულ ტრადიციებს. ბავშვებიც თავისი ხელით ამზადებენ რაიმე ნივთს და მიაქვთ სამახსოვროდ.
დაინტერესებულია ძველი ქართული ჩაცმულობის ისტორიით. ამ თემას ეხება სადისერტაციო ნაშრომიც. ყველაზე მეტად კი, თექისგან ყვავილების კეთება ხიბლავს, რამაც კარანტინში თექის სურათები – თექით ფერწერა შეაქმნევინა.
ხელოვნებათმცოდნის, ეთნოლოგიის დოქტორის – ნინო დათუნაშვილის პერსონა.

 – ამბობთ, რომ ხელოვნების სიყვარული ოჯახიდან დაიწყო…
– მამის – დიმა დათუნაშვილის საქმიანობა მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში ტაძრების აღდგენასა და აგებასთან იყო დაკავშირებული. შვილებიც ძალიან ხშირად დავყავდით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ძეგლების დასათვალიერებლად. მე განსაკუთრებით მიყვარდა მასთან ერთად სიარული.
ჩვენ ხშირად დავდიოდით ასევე გამოფენებზე და წიგნების ბაზრობებზე, სადაც ხელოვნებასთან დაკავშირებულ წიგნებს ვიძენდით. ყოველივე ამან გამიღვივა ინტერესი ხელოვნებისადმი და ჩემი პროფესიაც ამ სფეროს დავუკავშირე. ჩემდა საბედნიეროდ, ჩემი აბიტურიენტობის დროს თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან დაარსდა ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ინსტიტუტი სიძველეთა ტექნიკური ექსპერტიზის ფაკულტეტით. არაჩვეულებრივი ხელმძღვანელები ჰყავდა ამ ფაკულტეტს, ქალბატონი ნანა ხაზარაძე (ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი) და ბატონი კოკა ჩუბინიშვილი (არქეოლოგი).
–  სიძველეთა ტექნიკური ექსპერტიზის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სწავლა სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში არსებულ საღვთისმტყველო ინსტიტუტში ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე განაგრძეთ…
– სადიპლომო ნამუშევრები მონუმენტურ მხატვრობასა და ხატწერას ეხებოდა. ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავების მიზნით სწავლა გავაგრძელე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში არსებულ საღვთისმტყველო ინსტიტუტში ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. ეს სტუდენტობის ძალზე საინტერესო წლები იყო. არაჩვეულებრივი, მაღალი დონის პედაგოგებისაგან მიღებულმა ცოდნამ ჩემს პროფესიულ საქმიანობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა.  თეორიული სწავლების გარდა, სტუდენტები  ვეუფლებოდით ხატწერასა და სხვადასხვა ხელსაქმეს – ნაქარგობას, გობელენსა და თექას.
– პირველი ამუშევრები…
– თექის სასულიერო აკადემიაში სწავლების დასასრულს დავინტერესდი და პირველი გაკვეთილებიც სწორედ აქ მივიღე. დღემდე ვინახავ ჩემს პირველ  ნამუშევარს – თექის საყურეს.
– 2004 წლიდან მუშაობთ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ფონდის კურატორი ხართ…
– სასულიერო აკადემიაში სწავლების პარალელურად მუშაობა დავიწყე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. უკვე 16 წელია ვმუშაობ და სამსახურში მისვლის ყოველი დღე ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ეს არის ის სფერო, რომელსაც უდიდესი სიყვარულით ვემსახურები. ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობაა უვლიდე და იკვლევდე უძველეს არტეფაქტებს.
ამჟამად ვარ ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ქვის ძეგლებისა და ფრესკის ასლების ფონდის კურატორი. პატივი მაქვს, ვუვლიდე და ვიკვლევდე ძველი ქართული დამწერლობის ქვაზე ნაკვეთ ძეგლებსა და სხვადასხვა ტაძრის მონუმენტური მხატვრობიდან ცნობილი ქართველი მხატვრების მიერ გადმოღებულ ფრესკის ასლებს, რომელთა ნაწილმა დღეს დედნის სახე შეიძინა (ვინაიდან ზოგიერთი ფრესკა თავად ძეგლზე აღარ არსებობს).
ფრესკის ასლებს შორის მრავლადაა დაცული საერო პირთა-ქტიტორთა პორტრეტები. ეს ძალზე საინტერესო წყაროა ძველი ქართული ჩაცმულობის ისტორიის შესასწავლად. ჩემი სადისერტაციო ნაშრომიც სწორედ ამ თემას ეხება.
– ძველი ქართული ჩაცმულობის ისტორიას იკვლევდით…
– მე გამოვიკვლიე დღემდე ნაკლებად  შესწავლილი XV-XIX ს-ის პერიოდის სამოსის ისტორია. ნაშრომში პირველადაა შესწავლილი და ისტორიულ ჭრილშია განხილული დიდგვაროვანთა სამოსის ყოველი ცალკეული ელემენტი. ასევე,  ახალი რაკურსით არის წარმოჩენილი, ცალკეული რიტუალის თანმხლები  სამოსი, მისი დანიშნულება და სიმბოლური არსი, როგორც ძველ, ასევე თანამედროვე ყოფაში.
2018 წელს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნივერსიტეტში მომენიჭა ეთნოლოგიის დოქტორის ხარისხი.
– ეროვნულ მუზეუმში მუშაობთ საგანმანათლებლო კუთხითაც.  გვიამბეთ თქვენი და კოლეგების მიერ შექმნილ საინტერესო პროგრამებზე სკოლის მოსწავლეებისათვის…
– მუზეუმში ძირითადი საქმიანობის გარდა ასევე ჩართული ვარ საგანმანათლებლო საქმიანობაში. ბავშვებთან ურთიერთობა დიდი ბედნიერებაა. ჩემს კოლეგასთან გვანცა არჩვაძესთან ერთად შევქმენი რამდენიმე ძალიან საინტერესო პროგრამა სკოლის მოსწავლეებისათვის.
მუზეუმში დაცული ექსპონატების საშუალებით ვაცნობთ ძველ ქართულ ტრადიციებს. მაგ. „ახალი წლის ტრადიციები ძველად საქართველოში“, „გაზაფხულის კარნავალი“ (ეს მოიცავს სხვადასხვა ქვეყანაში გაზაფხულის მიგებების ტრადიციებს, მათ შორის საქართველოში ბერიკაობა-ყეენობის დღესასწაულს), „აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები“, „ვაზი და ღვინო საქართველოში“, „დამწერლობის ისტორია“ და სხვ.
ამ პროგრამების მთავარი ხიბლი ის არის, რომ  მრავალფეროვანი აუდიო-ვიზუალური მასალით გაფორმებული თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, ბავშვები ერთვებიან პრაქტიკულ საქმიანობაში და თავიანთი ხელით შექმნილი ნივთები მიაქვთ სამახსოვროდ. მაგ., ახალ წელს ამზადებენ ჩემ მიერ მოფიქრებულ ქაღალდის ჩიჩილაკებს, მეღვინეობის პროგრამაზე დასწრებისას – მარნის მაკეტს, საწნახელით, სხვადასხვა ინვენტარით…
დიდი ბედნიერებაა, როცა ერთ პროგრამაზე დასწრების შემდეგ, ბავშვები ყველა სხვა პროგრამაზე გვსტუმრობენ.
–  სწავლის პარალელურად ხელნაკეთ ნივთებს ქმნიდით… საახალწლოდ თექის ცხოველების ფიგურებს – გოჭებს, ანგელოზებს, ასევე სააღდგომო კვერცხებს… რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით?
– როცა ყოველდღიურად შეხება გაქვს ხელოვნების სხვადასხვა დარგის უძველეს არტეფაქებთან და ამავე დროს ძალიან გიყვარს ხელით ნაკეთი ნივთები, შეუძლებელია, თავადაც არ გაგიჩნდეს ამ უამრავი სილამაზისგან მიღებული ემოციების რაიმე სახით გადმოცემის სურვილი. მე ეს თექამ შემაძლებინა. ძალიან მიხარია, როცა ჩემი ნამუშევარი მოწონებასა და სიამოვნებას გვრის ადამიანს. ჩემთვის გამორჩეული თემა – მინდვრის ყვავილებია. პირველი თაიგული, რომელიც წლების წინ  ვაჩუქე დედას, დაბადების დღეზე, დღესაც ძალიან ახარებს მას.
ბოლო ორი წელია, ახლობლები ახალ წელს ჩემი თექის სათამაშოებს ელიან. ასეთია ანგელოზები, გოჭები, თაგუნიები. სააღდგომოდ – ყვავილებით შემკული კვერცხები.
– ამ ბოლო დროს თექით ფერწერამ გაგიტაცათ. ულამაზესი თაიგულები შექმენით…
– თექაზე მუშაობა, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდ დროს საჭიროებს, რაც ჩემთვის დიდი ფუფუნებაა. მოგეხსენებათ, მუზეუმი ამავე დროს დროს სამეცნიერო დაწესებულებაა და მეც, შესაბამისად, სხვადასხვა სახის სამეცნიერო კვლევებსა და პროექტების განხორციელებაში ვარ აქტიურად ჩართული.
განსაკუთრებით ნაყოფიერად პანდემიის დროს გაჩენილი თავისუფალი დრო გამოვიყენე. ამ დროს შევძელი თექით ფერწერას დავუფლებოდი და შემექმნა რამდენიმე ნამუშევარი, რომელთაც, ჩემდა საბედნიეროდ, დიდი მოწონება დაიმსახურეს.  ისინი უკვე არაერთ სახლს ამშვენებენ. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია, საკუთარ თავზე მეტი მუშაობისა და უფრო საინტერესო ნამუშევრების შექმნისათვის.
– თექით ფერწერას ალბათ ისევ გააგრძელებთ… ხომ არ ფიქრობთ, რომ იპოვეთ თქვენი თავი?
– პირველი ნამუშევარი, რომელიც შევქმენი თექით ფერწერაში, იყო პეიზაჟი, რომელმაც მეგობრების გარემოცვაში და სოციალურ ქსელში უზარმაზარი მოწონება დაიმსახურა. გულდასმით ვარჩევ ფერთა გამას, კომპოზიციას. ყველა დეტალი უნდა გავითავისო, უნდა შევიგრძნო. მიყვარს ცოცხალი ფერები. ზოგჯერ რამდენჯერმე ვცვლი ცალკეულ, ხშირად უმცირეს დეტალსაც კი, სანამ კომპოზიციის მთლიანობასა და ჰარმონიას არ შევიგრძნობ.  ვიყენებ მხოლოდ მირინოსს, რაც მეტ სიფაქიზეს სძენს ნამუშევარს.
ბავშვობიდან უზომოდ მინდოდა, ხატვის ნიჭი მქონოდა. ეს ოცნება თექით ფერწერაში ავიხდინე. ვფიქრობ, თექა იქნება ჩემი ცხოვრების თანამდევი  სიცოცხლის ბოლომდე.
– ვის აქვს თქვენი ნამუშევრები?
ჩემი ნამუშევრები აქვს თითქმის ყველა ჩემს ახლობელს, მეგობარს. ასევე მათ ახლობლებს.
ასევე, სოციალურ ქსელში ჩემი ნამუშევრების გამოქვეყნების შემდეგ მიკავშირდებიან  სრულიად უცნობი ადამიანები მათი შეძენის სურვილით.
– ოჯახი, შვილები…
– დიდ სტიმულს მაძლევს ასევე ჩემი მეუღლე, რომელიც მუდამ მხარში მიდგას როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე ხელგარჯილობაში. დედა, დები და დიშვილები არიან ის ადამიანები, რომელთაც პირველებს ვუზიარებს ჩემს ნამუშევრებს და ველი მათ შეფასებებს.
– სამომავლო გეგმები… გამოფენები…
– სამომავლოდ დიდი სურვილი მაქვს, კიდევ უფრო საინტერესო ნამუშევრების შექმნისა. მაქვს რამდენიმე საინტერესო იდეა. დიდი ბენიერება იქნება პატარა გამოფენის მოწყობაც.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები