ირაკლი შოთაძე სტაჟიორებს: თითოეული თქვენგანის მონდომებაზეა დამოკიდებული სტაჟირების წარმატებით დასრულება, რაც ხელს შეგიწყობთ, იყოთ ღირსეული პროკურორები და გამომძიებლები

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე, მოადგილეებთან ერთად, საქართველოს პროკურატურის სტაჟიორებს შეხვდა, რომლებიც როტაციის საფუძველზე სტაჟირებას ხვალიდან ახალ სამუშაო ადგილებზე გააგრძელებენ.

გენერალურმა პროკურორმა შეხვედრაზე პროკურატურის სისტემისთვის სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ სტაჟირების გზით ივსება პროკურატურის სისტემა ახალგაზრდა პროფესიონალი კადრებით.

„პირადად მე სტაჟირებით ვარ მოსული პროკურატურაში ისევე, როგორც – ჩემი მოადგილეები. თქვენ უნდა იყოთ მაქსიმალურად აქტიურები, მომთხოვნები როგორც საკუთარი თავის, ისე – მენტორების, თქვენი მენეჯერების, თითოეული ჩვენგანის მიმართ. ასევე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თითოეული თქვენგანის მონდომებაზეა დამოკიდებული სტაჟირების წარმატებით დასრულება, რაც შემდგომში ხელს შეგიწყობთ, იყოთ ღირსეული პროკურორები და გამომძიებლები“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა სტაჟიორებს სთხოვა, გამოეთქვათ მოსაზრებები იმ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რაც, მათი აზრით, მეტად ეფექტიანს გახდის სტაჟირების პროცესს.

„მივიღეთ უდიდესი გამოცდილება, რამაც პროფესიულად მეტად გაგვზარდა. ჩვენი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შევძელით“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სტაჟიორ-პროკურორმა, მარი მეშველიანმა.

სტაჟიორ-პროკურორ დავით ჯავახიშვილის თქმით, სტაჟირების პროგრამამ მათ შესაძლებლობა მისცა, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადაეტანათ.

საქართველოს გენერალური პროკურატურა, კვალიფიციური კადრების მოძიების მიზნით, სისტემატურად ატარებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს. კონკურსი 4-ეტაპიანია: აპლიკაციების გადარჩევა, პროფესიული ტესტირება, ტესტირება ზოგად უნარებში და გასაუბრება. 2019 წელს კონკურსზე განაცხადი, სულ, 1214-მა პირმა შემოიტანა, საიდანაც შესაბამისი ეტაპების გავლის შემდეგ 37 წარმატებული კანდიდატი შეირჩა, რომლებიც სტაჟირებას პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფში გადიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები