ამირან გამყრელიძე: საკითხი, რომ გამოცდებზე პირბადე აბიტურიენტის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე იმოქმედებს, მემგონი, ცოტა გადაჭარბებულია
ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებისთვის პირბადის გამოყენების აუცილებლობასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.
მისი აზრით, როდესაც ისმება საკითხი, რომ გამოცდებზე პირბადის გამოყენება ახალგაზრდების ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე იმოქმედებს, გადაჭარბებულია, რადგან, როგორც მან აღნიშა, პირბადე დღეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია და ასე იქნება მანამ, სანამ კაცობრიობა კორონავირუსის პანდემიას არ დაძლევს.
„პანდემიის პერიოდში ეროვნული გამოცდები პირველად ტარდება. ამისათვის შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩვენი დაწესებულებაც მონაწილეობდა და ძალიან ინტენსიური კონტაქტი გვქონდა გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა და სამინისტროსა და, თავისთავად, ჯანდაცვის სამინისტროსთან.
ჩვენ მიერ შემუშავდა რეკომენდაციები და ვფიქრობთ, რომ მისი დაცვა მინიმუმამდე დაიყვანს საფრთხეს ინფექციის გავრცელების რისკს.
რაც შეეხება პირბადეს – ინფექციის პრევენციისთვის, სოციალურ დისტანცირებასთან, ერთად ყველაზე მძლავრი იარაღია! ამიტომ როდესაც ისმება საკითხი, რომ 3-4 საათი, გამოცდების პერიოდში, ახალგაზრდებს პირბადე თუ უკეთიათ იმოქმედებს მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, მემგონი, ცოტა გადაჭარბებული შეფასებებია. მაშინ ჩვენ ექიმებმა რა ვქნათ, როდესაც პირბადით ვმუშაობთ?
დღეს, პირბადე ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია და ასე იქნება მანამ, სანამ კაცობრიობა კორონავირუსის პანდემიას არ დაძლევს. არ შეიქმნება ვაქცინა, კორონავირუსის ვირულენტობა არ შემცირდება ან არ გამომუშავდება ე.წ. ფართო იმუნიტეტი საზოგადოებაში.
ამიტომ, უნდა მივეჩვიოთ, რომ დახურულ სივრცეებში, სადაც შედარებით ბევრი ადამიანი იკრიბება, აუცილებელი გახდება პირბადის ხმარება. შესაბამისად, ზედმეტი აქცენტი, რომ ეს იმოქმედებს აბიტურიენტის აკადემიურ მოსწრებაზე და ა.შ. მემგონი არ ღირს ამაზე ხაზგასმა. კი, მცირე დისკომფორტი არის, გასაგებია, მაგრამ უზარმაზარ გამოწვევასთან გვაქვს საქმე. მსოფლიოში პანდემიაა, ყოველდღიურად 100 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება და სამწუხაროდ გარდაცვალების რამდენიმე ათასი შემთხვევებია. უზარმაზარ მტერთან აქვს საქმე კაცობრიობას. ამიტომ, კეთილი უნდა ვინებოთ და ის მთავარი რეკომენდაციები საზოგადოებრივია, ინდივიდუალური ჰიგიენაა , პირბადის ხმარებაა თუ სოციალური დისტანცირება, კი, არის ოდნავ დისკომფორტის მომტანი, მაგრამ ამის გარეშე არ გამოვა.
სანამ არ შეიქმნება პირდაპირი მოქმედების წამალი, რომელიც 2-3 დღეში კორონავირუსით ავადმყოფს განკურნავს, ან არ შეიქმნება პრევენციული ვაქცინა, რომლის გაკეთების შემდეგ, აღარ დაგვემართება კორონავირუსული ინფექცია, მანამდე ეს მცირე დისკომფორტი გვექნება. თუმცა, ეს არ არის ისეთი დისკომფორტი, რომლის გამო ეროვნული გამოცდები ქვეყანამ გადადოს“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.