ირაკლი კოვზანაძე: წარმოდგენილი ბიუჯეტი პასუხობს საქართველოში COVID19-თან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს
„რეალურად, ეს არის 2020 წლის ახალი ბიუჯეტი, რომელიც გუშინ საქართველოს მთავრობამ შემოიტანა. შეცვლილია ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი და თითქმის ყველა მუხლი, რომელიც პანდემიამდე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში იყო”, – ამის შესახებ საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ტვ „რუსთავი2″-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია, როგორც ყოველთვის, ბიუჯეტს მხარს არც ახლა დაუჭერს.
„ერთი საათის შემოსული იყო ბიუჯეტი პარლამენტში და ოპოზიციამ იქვე განაცხადა, მხარს არ დავუჭერო. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ დეტალურად ნახავენ და ამის შემდეგ გააკეთებენ განცხადებებს, მაგრამ დარმუნებული ვარ, მხარს მაინც არ დაუჭერენ” , – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
ამის მიზეზად დეპუტატი ასახელებს იმას, რომ ოპოზიციის ხედვები განსხვავებულია სახელისუფლებო გუნდის პროგრამისგან.
„2020 წლის ბიუჯეტი აგებული იყო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე. ჩვენ ჩადებული გვქონდა 4, 5%-იანი ზრდა და ვფიქრობდით, რომ 5%-იან ზრდაზე გავიდოდით, მაგრამ საქართველოშიც, ისევე, როგორც მსოფლიოში, ეკონომიკური კრიზისია. ამიტომ ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკის შემცირებაზე. საქართველო იქნება რეცესიაში და გვექნება -4% , ანუ ეკონომიკა შეგვიმცირდება. დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტიდან იყო ნაანგარიშევი 2, 5% და ახლა არის 8, 5%. შემოსავლების ნაწილში გვაკლდება 1 მლრდ 800 მლნ ლარი. ბიუჯეტში ჩადებული გვაქვს ყველა პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოაწყო პრემიერმინისტრმა და რომელიც ასევე გამოცხადა საქართველოს პარლამენტში. ამ პროგრამების დაფინანსებისთვის, საშუალოდ, გვჭირდება 3,4 მლრდ ლარი. აქედან გამომდინარე, გაზრდილია ასიგნებები ბიუჯეტში და თუ თავდაპირველ ვერსიაში ხარჯები იყო 14 მლრდ 430 მლნ, აქ უკვე არის თითქმის 16 მლრდ”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
მისი განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 15 მლრდ 923 მლნ ლარი აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად, მათ შორის, 1-ელი ივლისიდან გარკვეული კატეგორიის პენსიონერებისთვის პენსიის გასაზრდელად და კორონავირუსისთან დაკავშირებული პროგრამების დასაფინანსებლად.
„ეს ბიუჯეტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც საქართველოში არის COVID19-თან დაკავშირებით”, -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო განხილვის პროცესში ბიუჯეტის პროექტში კორექტივები შევიდეს.
“ეს არის საპარლამენტო პროცესი და კითხვები არა მარტო ოპოზიციას, არამედ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებსაც გვექნება, რადგან ფინანსთა სამინისტროდან გვინდა უფრო მეტი დასაბუთება მივიღოთ. გუშინ ეს პროექტი გადავუგზავნეთ ეროვნულ ბანკს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ველოდებით მათგან პასუხებს”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.