პოროშენკო სისხლის სამართლის საქმეზე ეჭვმიტანილად გამოცხადდა

“უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო სისხლის სამართლის საქმის ეჭვმიტანილი გახდა”, – განაცხადა ქვეყნის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს მეორე განყოფილების უფროსმა, ვადიმ პრიმაჩოკმა.

უწყების პრესსამსახურში განმარტეს, რომ პოროშენკო ეჭვმიტანილია იმაში, რომ მან შიდა დაზვერვის უფროსს მოადგილედ სერგეი სემოჩკოს დანიშვნა აიძულა.

პრიმაჩოკმა დასძინა, რომ გამომძიებლები ამჟამად პოროშენკოს აღკვეთის ზომაზე მსჯელობენ, სარჩელს კი კიევის პეჩერის რაიონულ სასამართლოში შეიტანენ.

ამასთან, როგორც პოროშენკოს ადვოკატი – ილია ნოვიკოვი აცხადებს, ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ ყოფილი პრეზიდენტისთვის წერილობითი შეტყობინების გადაცემის მცდელობა დღეს გამოძიების ბიუროში იყო.

თუმცა, ნოვიკოვის განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ დეპუტატის მანდატის მქონე პირისთვის ასეთი შეტყობინების გადაცემა პირადად გენერალურმა პროკურორმა უნდა განახორციელოს, ამას კი უფლებამოსილების არმქონე პირი ცდილობდა, ექსპრეზიდენტმა გამოძიების ბიუროს შენობა დატოვა.

პეტრო პოროშენკო უკრაინის გამოძიების ბიუროში დღეს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე იძულებითი წესით დაკითხვაზე იყო დაბარებული.

გავრცელებული ინფორმაციით, პოროშენკოსთვის კითხვები საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით უნდა დაესვათ, რომელშიც ის მონაწილეობას იღებდა. ადვოკატის განმარტებით, დაკითხვა არ მოხდა.

რაც შეეხება სერგეი სემოჩკოს – ის უკრაინის საგარეო დაზვერვის უფროსის მოადგილის თანამდებობას 2018 წლის 31 ივლისიდან – 2019 წლის 12 აპრილამდე იკავებდა.

ჟურნალისტური გამოძების მიხედვით, სემოჩკო 200 მლნ. გრივნაზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას ფლობს, მის ოჯახს რუსეთის მოქალაქეობა და ყირიმში ბიზნესი აქვს. გარდა ამისა, სემოჩკოს მუშაობის დროს კონტრდაზვერვაში ფარმაცევტული კომპანიებისგან ქრთამს ითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები