ირაკლი კობახიძე: პარლამენტის რეგლამენტში შემუშავებულია ახალი ნორმები, რომელთა მიზანია პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია

„მთელი რიგი ახალი ნორმები, რომელთა მიზანი არის პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო მოწვევის პარლამენტისთვის ამოქმედდება კონსტიტუციის ძირითადი დებულებები. ეს დებულებები, ძირითადად, ეხება ფრაქციების ფორმირების წესს და შესაბამისი ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში უნდა აისახოს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეგლამენტის ცვლილებები ეხება ფრაქციების შექმნის წესს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებისა და ვიცესპიკერების რაოდენობას.

მისივე განმარტებით, იცვლება რეგულაციები, რომლებიც უკავშირდება საპარლამენტო უმრავლესობასა და საპარლამენტო უმცირესობას. ირაკლი კობახიძემ თითოეული ცვლილების შინაარსი განმარტა.

„საქართველოს კონსტიტუციაში აისახა ძირითადი პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ერთი პარტია უნდა ქმნიდეს ერთ ფრაქციას და ამ პრინციპს ჭირდება დაკონკრეტება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. ახალი რეგულაციების თანახმად, თუ პარლამენტის წევრები არიან არჩეული ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით, ისინი ქმნიან მხოლოდ ერთ ფრაქციას და ასეთი ფრაქციის დანაწევრება არის შეუძლებელი. ანუ ის პრაქტიკა, რომელიც დღემდე იყო ჩამოყალიბებული საქართველოს პარლამენტში და რომელიც არ შეესაბამება საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას, ჩვენს შემთხვევაში იქნება გამოსწორებული და ჩამოყალიბდება კარგი პრაქტიკა ფრაქციების ფორმირების კუთხით.

იმისათვის, რომ ფრაქციების შიგნით გამარტივდეს მართვა და მენეჯმენტის პროცესი ფრაქციებს ემატება ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობები და ყოველ 15 დეპუტატზე ფრაქციის თავმჯდომარეს ეყოლება ერთი მოადგილე. ამასთან, თუ ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ერთზე მეტი მოადგილე, ერთ-ერთს შეიძლება, მიენიჭოს ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სტატუსი.

ასევე, იცვლება რეგულაციები, რომლებიც უკავშირდება საპარლამენტო უმრავლესობასა და საპარლამენტო უმცირესობას. გამომდინარე იქედან, რომ მსხვილდება საპარლამენტო ფრაქციები საქართველოს პარლამენტში. უმრავლესობა და უმცირესობა არსებული სახით კარგავს აზრსა და აქტუალობა და, შესაბამისად, უმრავლესობა და ოპოზიცია აღარ იქნება საპარლამენტო სუბიექტები. უმრავლესობა და ოპოზიცია იქნება რეგისტრირებული სიების სახით ბიუროს მიერ პირველივე შეკრებაზე და ეს კეთდება იმისათვის, რომ კვოტები სათანადოდ გადანაწილდეს შესაბამის დეპუტატებს შორის.

ცვლილება გვაქვს ვიცესპიკერების ნაწილშიც, კერძოდ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს შეიძლება, თეორიულად ყავდეს ცხრა მოადგილე. ჩვენი აზრია, რომ მიზანშეწონილია ოპტიმიზაცია და ახალი პროექტის თანახმად გათვალისწინებულია სამი ვიცესპიკერის თანამდებობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ცვლილებების თანახმად, შემოღებულია ნორმა, რომლის მიხედვითაც ორი საპარლამენტო თანამდებობის შეთავაზება აღარ იქნება შესაძლებელი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები