რუსუდან თევზაძე: ყველას მოვუწოდებ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქმიანობისკენ და ჯეროვანი სახელმწიფოებრივი ხედვისკენ

“საქართველოში “უმცირესობების” ჩაგვრის თემა, განსაკუთრებულ აქტუალობას არჩევნების წინ იძენს ხოლმე. ყველა პოლიტიკოსი, აღნიშნული საკითხის ირგვლივ ოპერირებს, ან პოლიტიკურ პრაგმატიზმს მოკლებული გულწრფელობით, ან პოლიტიკური არაგულწრფელი პრაგმატიზმით, რომელიც დღევანდელ რეალობაში საარჩევნო ქულების მოპოვების პირდაპირპროპორციულია და ის ერთგვარი აქსიომური მოცემულობაა”, – ამის შესახებ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე აცხადებს.

მისივე თქმით, ზოგიერთი, სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციისა, თუ ფიზიკური პირის მიერ აღნიშნული თემის უტრირება ხდება.

რუსუდან თევზაძე ყველას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქმიანობისკენ და ჯეროვანი სახელმწიფოებრივი ხედვისკენ მოუწოდებს.

“სახელმწიფო, აუცილებლად უნდა უზრუნველყოფდეს ყველა ტიპის უმცირესობების უფლებების დაცვას, ვინაიდან ისინი ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან. ყოველივე კი, კონსტიტუციით არის გამყარებული.

ამისდა მიუხედავად, მუდმივ რეჟიმში უმცირესობების ჩაგვრის შესახებ წუხილი ისმის. ისეთი ჩაგვრისა, რომელიც ისეთივე წარმატებით შეიძლება განხორციელდეს ყველა სხვა მოქალაქეზე, ანუ ეს კონცეფტი ადასტურებს, რომ დამნაშავისთვის დანაშაულის ჩადენის ობიექტი თუ სუბიექტი ერთია. აქ კი უკვე ნამდვილად იშლება ზღვარი ე.წ. უმცირესობასა და უმრავლესობას შორის.

პირადი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ დროსა და სივრცეში, ზოგიერთი, სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციისა, თუ ფიზიკური პირის მიერ ხდება თემის უტრირება და ამის შესაბამისი საქმიანი ურთიერთობის გამოცდილება გამაჩნია, არც თუ ისე შორეულ წარსულში.

უტრირების კიდევ ერთ მაგალითს წავაწყდი ახლახანს, როცა ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, განათლების სამინისტროსთან ოფიციალური მიწერილობით, მოითხოვა სკოლის გეოგრაფიის სახელმძღვანელოდან, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული „რასების“ თემის ამოღება, იმ არგუმენტით, რომ ყოველივე დისკრიმინაციაა.

ყველას მიმართ პატივისცემით, მსურს ერთმნიშვნელოვნად და კატეგორიულად განვაცხადო, რომ ეს გახლავთ გაუგონარი აბსურდი და განათლების თემატური საკითხების სრული უცოდინარობა. ( რაზეც აქ არ დავიწყებ საუბარს, თუ ვინმე დაინტერესდება დიდი სიამოვნებით განვმარტავ დეტალებში). ეს გახლავთ, არასახელმწიფოებრივი მიდგომა და მცდელობა ყველაფერი კვლავ საკუთარი პოლიტიკური სარგებლის ფორმატში გადაიყვანონ.

ამდენად, ყველას მოვუწოდებ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქმიანობისკენ და ჯეროვანი სახელმწიფოებრივი ხედვისკენ”, – აღნიშნავს რუსუდან თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები