“საყდრისის კომიტეტი” – დიდგორში გზის მიმანიშნებელი ბრინჯაოს არწივებიდან ორი გამქრალია
“საყდრისის კომიტეტი” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, დიდგორში გზის მიმანიშნებელი ბრინჯაოს არწივებიდან ორი გამქრალია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “საყდრისის კომიტეტი” ვანდალური ქმედების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
“გვინდა, გამოვეხმაუროთ შაბათს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ, არქეოლოგ გოდერძი ნარიმანიშვილის მიერ 5 ივნისს დიდგორის მემორიალზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც კარგად ჩანს მანქანებით “დრიფტის” კვალი.
გარდა ამისა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გზის მიმანიშნებელი ბრინჯაოს არწივებიდან ორი გამქრალია.
“საყდრისის კომიტეტი” აღშფოთებას გამოთქვამს ვანდალური ქმედების გამო, მემორიალზე – რომელიც საქართველოში მტერზე გამარჯვების სიმბოლოს წარმოადგენს და მოუწოდებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, ასევე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას დროულად აღკვეთონ მსგავსი ქმედებები დიდგორის მემორიალზე.
“საყდრისის კომიტეტის “წევრები უახლოესს ხანში სიტუაციის ადგილზე გასაცნობად დიდგორში ჩასვლას გეგმავენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.