ირაკლი შოთაძე კელი დეგნანს შეხვდა და პროკურატურის სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნო

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანს შეხვდა და პროკურატურის სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნო.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის, განსაკუთრებით იმ წვლილისთვის, რაც კიბერდანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განვითარების მიმართულებით დახმარებას ეხება.

შეხვედრაზე, ასევე, ირაკლი შოთაძემ კელი დეგნანს საქართველოს პროკურატურის სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნო.

„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. საუბარი შეეხო საქართველოს პროკურატურასა და აშშ-ის საელჩოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებს. ასევე, დაიგეგმა მთელი რიგი ღონისძიებები, პროკურატურის სისტემის განვითარების კუთხით გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურას მჭიდრო თანამშრომლობისთვის, საერთაშორისო დანაშაულების გამოძიების საქმეებში ჩართულობისა და დახმარებისთვის, ასევე, საექსტრადიციო საკითხებში დახმარებისთვის.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა გენერალურ პროკურორთან. გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის ექსტრადიციები, საქართველოსა და შეერთებული შტატებისთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხები. ჩვენ აგრეთვე ვისაუბრეთ გენერალური პროკურორის მნიშვნელოვან როლზე მოახლოებულ მომავალ არჩევნებში, მათ შორის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და ამომრჩეველთა დაშინების შესახებ საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით და მიმაჩნია, რომ გენერალური პროკურატურა მზადაა, აიღოს უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა შემოდგომაზე, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ სრული ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ“, – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზეც ისაუბრეს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს და ეფექტიანს გახდის პროკურატურის რეფორმირების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობას.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები: ბაკურ აბულაძე, გიორგი გაბიტაშვილი, ნათია მერებაშვილი, გიორგი ბადაშვილი, ამერიკის საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში – მაიკლ გრანტი და საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსი – ლიზ ზენტოსი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები