“ტყუილია, თითქოს ბავშვს მამაო დაეჯახა , პირიქით დაეხმარა” – გორში 6 წლის ბავშვი ველოსიპედიდან ჩამოვარდა

გორში 6 წლის ბავშვი ველოსიპედიდან ჩამოვარდა. მას პირველადი დახმარება ატენის ეკლესიის წინამძღოლმა, მამა კოზმამ გაუწია, რომელიც ინციდენტის დროს საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა.

როგორც ” რეგიონულ კვირას ” თვითმხილველები უყვებიან , გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ადგილობრივების თქმით, ბავშვმა ველოსიპედით მოძრაობის დროს არასწორი მანევრი გააკეთა, ავტომობილმა კი, რომელსაც მამა კოზმა მართავდა, ბიჭს გვერდი აუარა და ბორდიურს შეეჯახა.

“მძღოლმა რომ დაინახა ეს ბავშვი , გვერდი აუქცია და ბორდიურს შეეჯახა. ტყუილია, თითქოს ბავშვს დაეჯახა მამაო , პირიქით გადმოვიდა და დაეხმარა”,- განაცხადა თვითმხილველმა.

“ცენტრალურ , საავტომობილო გზაზე მოჰქროდა ეს ბავშვი ველოსიპედით , იყოჩაღა მამაომ, სწორი მანევრი გააკეთა და თავისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა. ვინც მამაოს აბრალებს უნამუსობაა. ადამიანმა აქეთ გაუწია დახმარება”, – განაცხადა ადგილობრივმა.

როგორც ” რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი, ველოსიპედიდან ჩამოვარდნის შედეგად, არასწრულწლოვანმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო და სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ” გორმედის ” კლინიკაში გადაიყვანა.

” პაციენტს აღენიშნებოდა ექსკორაცები, დაჟეჟილობა ქვედა კიდურების არეში. მას გაეწია ყველა საჭირო ამბულატორიული დახმარება. პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ამ დროისთვის, გაწერილია ბინაზე”, – განაცხადა ” გორმედის ” ქსელის ექიმმა, ლევან კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები