ნათია თურნავა: ორმაგდება იმ დარგების რიცხვები, რომლებსაც „აწარმოე საქართველოში” დაეხმარება

“პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, იზრდება იმ დარგების სია, რომლებიც პროგრამაში ჩაერთვებიან”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ აქამდე პროგრამაში 100-მდე დარგი იყო, ახლა პრაქტიკულად ორმაგდება იმ დარგების რიცხვი, რომლებსაც „აწარმოე საქართველოში” დაეხმარება.

„მათ შორის, გამორჩეულია  საშენ მასალათა, პლასტმასისა და სხვა მსგავსი წარმოებები, რადგან ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს, რომ საკუთარ რესურსზე დაყრდნობით ჩვენმა ბიზნესმა შეძლოს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და კონკურენტუნარიანი პროდუქცია მოაწოდოს ბაზარს და გაიტანოს ექსპორტზე”, – აღნიშნა მინისტრმა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე შეეხება სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ ინდუსტრიასა და კვების მრეწველობას. როგორც მინისტრმა განმარტა, სახელმწიფო მხოლოდ ამ მიმართულებით დაუშვებს, რომ ბიზნესმა ერთდროულად ორი პროგრამის დახმარებით ისარგებლოს.

„ერთადერთი ამ სექტორში ვუშვებთ შემდეგს – ბიზნესს შეეძლება, ერთდროულად ისარგებლოს დახმარებით როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში სესხის პროცენტის სუბსიდირებით, ასევე, ეკონომიკის სამინისტროს ფარგლებში საკრედიტო-საგარანტიო სქემით – ანუ, ერთდროულად ისარგებლოს ჩვენი თანაუზრუნველყოფით და სესხის პროცენტის თანადაფინანსებით. ეს ხაზს უსვამს – ჩვენთვის ადგილობრივი, მათ შორის, კვების ადგილობრივი წარმოება პრიორიტეტია”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები