ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანს – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შემდგომ განაცხადა.
“ქვეყნები, რომლებიც კარგად გაუმკლავდნენ კორონავირუსის გავრცელებას, მათ შორის, საქართველო და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, შეიძლება, ერთობლივად შევიყვანოთ იმ ქვეყნების სიაში, რომლებთანაც გავხსნით საზღვრებს სამოგზაუროდ ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში”, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყება და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები აქტიურად არიან ჩართულნი უსაფრთხო ტურიზმის კონცეფციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის პროცესში. უკვე გაიმართა დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბრები ჩეხეთისა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე, იგეგმება მინისტრის სატელეფონო საუბარი ბერძენ კოლეგასთან, რომლის დროსაც საუბრის მთავარი თემა იქნება ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციით ე.წ. უსაფრთხო დერეფნების გამოყენებით ტურისტების მასპინძლობა.
“ჩვენი საელჩოები აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ გამოაცხადოს უსაფრთხო ქვეყნად და გაიხსნას ტურისტებისთვის. მე მქონდა ბოლო დღეების განმავლობაში სატელეფონო კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან, კერძოდ, ჩეხ კოლეგასთან, ასევე ისრაელის ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ორ ქვეყანასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველო გამოცხადდეს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნად. მე გუშინ მქონდა საუბარი ჩეხ კოლეგასთან და მან ოფიციალურად განაცხადა, რომ ივნისის ბოლოდან ივლისის დასაწყისიდან საქართველო გაიხსნება ჩეხი ტურისტებისთვის, ასევე, მსგავსი გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია უკვე ისრაელში და ისრაელისთვისაც საქართველო გამოცხადებულია, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ველოდებით უკვე ოფიციალურად დადასტურებას, თუ რა თარიღიდან იქნება. ეს, ჩვენი ვარაუდით, ივნისის მეორე ნახევრიდან. გარდა ამისა, აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს ბერძენ კოლეგებთან, მექნება უახლოეს დღეებში საუბარი ბერძენ კოლეგასთან და, სავარაუდოდ, ასევე, ეს მიმართულებაც იქნება გამოცხადებული უსაფრთხოდ და ტურისტებს მიეცემათ შესაძლებლობა ორივე მიმართულებით მოგზაურობისთვის. ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს ასევე პოლონელ და ბალტიელ კოლეგებთან, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უახლოეს პერიოდში ყველა ეს მიმართულება გაიხსნება ქართველი ტურისტებისთვის და ასევე, ტურისტებისთვის ამ ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.