“ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი შენგელიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს და პროკურატურაში უჩივის. საქმე 2019 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია m2-ს შორის დადებულ ხელშეკრულებას ეხება.
როგორც ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ანი წითლიძე განმარტავს, კომპანია m2-სა და ზუგდიდის მერს შორის კორუფციული გარიგება შედგა, რომლის მიხედვითაც, წითლიძის განმარტებით, სატენდერო პირობები შეიცვალა.
აღნიშნული ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, წითლიძის თქმით, ზუგდიდის ადგილობრივმა ბიუჯეტმა 300 000 ლარით იზარალა.
„გეგა შენგელიას გადაწყვეტილებით, გაიყიდა ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორია და კომპანია m2-ს ამის საფასურად უნდა შეესრულებინა რამდენიმე ვალდებულება, მათ შორის, თავისი ხარჯებით უნდა გადაეტანა ყინულის სახლი და, ასევე, უნდა მოეხდინა პროფესიული კოლეჯის რეაბილიტაცია, მაგრამ დღეს იქ არაფერი ხდება. კომპანია m2-ს დაწყებული აქვს მოლაპარაკებები ბიზნესმენებთან ამ ტერიტორიის გაყიდვასთან დაკავშირებით. მივუთითე წერილში და ამ თემის ფარგლებში ჩვენ ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან. ზუგდიდელების ის ფული, რომელიც უნდა მოხმარდეს სხვადასხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს, სოციალურ პროგრამას, კულტურულ პრობლემასა და ა.შ. აღმოჩნდა, რომ მოხმარდა გეგა შენგელიასა და m2-ის კორუფციულ გარიგებებს”, – განაცხადა ანი წითლიძემ.
ენმ-ის ბრალდებებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე უპასუხა. შენდეგლიამ ანი წითლიძე სიცრუეში დაადანაშაულა და განამარტა, რომ აღნიშნული მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ემსახურება.
„ხელშეკრულებით უკვე გაწერილია ვალდებულებები და m2-ს არ აქვს უფლება, გაყიდოს ტერიტორია მუნიციპალიტეტთან შეთანხების გარეშე, ამ შინაარსის განცხადებით კი კომპანიას მუნიციპალიტეტის მერიისთვის არ მოუმართვს. ზუგდიდის მერიამ ამ ქონების ვალდებულებით რეალიზაციაში მიიღო 7 200 000 ლარზე მეტი და კომპანია m2-ს დაეკისრა 8 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში ინვესტიციის განხორციელება, ნებართვის მიღებიდან 30 თვის ვადაში. ხოლო მერიის ვალდებულებაში დარჩი ყინულის მოედნის დემონტაჟი, რაშიც მუნიციპალიტეტი 300 000 ლარს ხარჯავს”, – განაცხადა ზუგდიდის მერმა.
გიორგი შენგელიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ განახორციელებს ინვესტიციებს აღნიშნულ ტერიტორიაზე, გადახდილი თანხა, რომელიც მუნიციპალიტეტს უკვე მიღებული აქვს და მიწის ნაკვეთიც, დარჩება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. მერის განმარტებით, რისკი იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა შესაძლოა, რაიმე სახის დანაკარგი მიიღოს, არ არსებობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, კომპანია, რომელმაც ყინულის სახლის დემონტაჟი უნდა განახორციელოს, ტენდერის გზით უკვე შერჩეულია და, როგორც კი შენობის დემონტაჟი მოხდება, კომპანია m2 ოფიციალურად შეიტანს მშენებლობის ნებართვაზე განცხადებას მერიაში და, ნებართვის გაცემის შემდეგ, დაიწყება ხელშეკრულებით გათვალისწინებული 30-თვიანი ვადის ათვლაც.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია m2-ს შორის ხელშეკრულება 2019 წლის ივლის-აგვისტოში გაფორმდა.
სოფიო კაკაჩია