არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას მოვუწოდებ, მიიღონ მაქსიმალური მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებში, ასევე, საკომიტეტო განხილვებსა და პლენარული სხდომის ფორმატში

“საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საყოველთაო საჯარო განხილვა 4 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გაიმართება, სადაც უმრავლესობასა და ოპოზიციას, საკუთარი მოსაზრებების წარდგენის საშუალება ექნება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ ოპოზიციას მოუწოდა, მიიღონ მაქსიმალური მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებში, ასევე საკომიტეტო განხილვებსა და პლენარული სხდომის ფორმატში.

„საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საყოველთაო საჯარო განხილვა გაიმართება 4 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, სადაც უმრავლესობასა და ოპოზიციას, საშუალება ექნება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით წარადგინოს საკუთარი მოსაზრებები, არგუმენტები და უპასუხოს კითხვებს, რომელიც საზოგადოებას ექნება. წინასწარ, რამდენიმე დღით ადრე საზოგადოებრივი მაუწყებელი შეკრებს ყველა იმ შეკითხვას, რაც მოქალაქეებს აქვთ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით და ჩვენ საჯაროდ, პირდაპირ ეთერში ამ შეკითხვებს ვუპასუხებთ. პირველი საჯარო განხილვიდან ერთ კვირაში გაიმართება მეორე საყოველთაო საჯარო განხილვაც, რომელსაც, მაღალი ალბათობით, უმასპინძლებს აჭარის მაუწყებელი. ანალოგიური პრინციპით იქაც წინასწარ მოხდება შეკითხვების შეკრება და ჩვენ პირდაპირ ეთერში საზოგადოებასთან ერთად განვიხილავთ ამ ცვლილებებს. ამის შემდეგ, საორიენტაციოდ, ივნისის მეორე ნახევარში ჩვენ მოგვეცემა საშუალება, რომ პარლამენტში პირველი მოსმენით განვიხილოთ ეს ცვლილებები და გამოვიტანოთ ის კენჭისყრაზე. ამის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ მოვუწოდო ოპოზიციას და ასევე, ვთხოვო ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში, კონსტრუქციულ პროცესში, თანამშრომლობის ფორმატში. გთხოვთ, მიიღოთ მაქსიმალური მონაწილეობა, როგორც საჯარო განხილვებში, ასევე საკომიტეტო განხილვებსა და პლენარული სხდომის ფორმატში, რათა საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება ფართო შეთანხმებით მხარი დავუჭიროთ ცვლილებებს, რომელზეც რეალურად პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, როგორც მმართველ ძალას, ასევე, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენი პირობაა ჩავატაროთ მაქსიმალურად დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭირვალე არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალაშია და ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, ჩვენს მოქალაქეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს დავუმტკიცოთ, რომ საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას და არჩევნები არის ამის კიდევ ერთი შესაძლებლობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები