“ოპოზიცია ხედავს, რომ არჩევნებს მათთვის აზრი აქვს დაკარგული ყველა შემთხვევაში, იქნება ეს 77/73, თუ 120/30-ზე, ისინი არიან განწირული მარცხისთვის, შესაბამისად, სამწუხაროდ, დესტრუქციაზე არიან გადასული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მათემატიკურად, საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციისთვის ხელსაყრელია.
“მათემატიკურად, საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციისთვის ხელსაყრელია, რადგან 120/30-ზე მოდელის შემთხვევაში, მათ პარლამენტში მეტი მეტი მანდატის მიღების საშუალება აქვთ. მოტივი არის აბსოლუტურად ცხადი და ნათელი. რაც შეეხება იმას, თუ ვის აწყობს ეს ცვლილებები, მათემატიკურად აწყობს, ბუნებრივია, ოპოზიციას, გამომდინარე იქედან, რომ ამ ცვლილებების საფუძველზე ისინი მიიღებენ მეტ მანდატს პარლამენტში, ვიდრე მიიღებდნენ 77/73-ზე პირობებში. რეალობა არის ასევე ისიც, რომ ისინი ხედავენ, არჩევნებს მათთვის აზრი აქვს დაკარგული ყველა შემთხვევაში, იქნება ეს 77/73, თუ 120/30-ზე, ისინი არიან განწირული მარცხისთვის, შესაბამისად, სამწუხაროდ, გადასული არიან დესტრუქციაზე. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ისინი არ ესწრებოდნენ დღევანდელ შეხვედრას, როგორც ვიცი, არ აპირებენ ასევე საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, ასევე, აცხადებენ, რომ ხმას არ მისცემენ ამ ცვლილებებს. რურუა არის საბაბი, მიზეზი არის ის, რომ ისინი არჩევნებში ვერ ხედავენ აზრს“, – განაცხადა კობახიძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც იმსჯელეს, თუ როგორ უნდა წარიმართოს განხილვის პროცესი.