„მე ვარ ნატალია, 13 წლის“ – კარანტინში დახატული „ავტოპორტრეტი“ და ერთჯერადი ბარათები ოჯახის წევრებისთვის

„ვხატავ 1 წლიდან“, – ამბობს ნატალია შიხაშვილი, რომელიც უკვე 13 წლისაა და არაერთი საინტერესო ნამუშევრის ავტორია.
161-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეა. პარალელურად სამხატვრო სასწავლებელში დადის, რომელიც მეორე სახლად მიაჩნია.
გრაფიკაში მუშაობა ძალიან მოწონს, კარანტინის პერიოდში შეასრულ ავტოპორტრეტი ფანქარში, ასევე – მრავალი ნახატი და ჩანახატ, მათი ძირითადი ნაწილი სამხატვრო სასწავლებელში დისტანციურად შესრულებულ ნატურმორტებ, ჩანახატებ და კომპოზიციებია.
დედასთან ერთად  წიგნის თემაზე სხვადასხვა აქსესუარი შექმნა, რომელთა შორის გამორჩეულია წიგნის ფორმის გულსაკიდები.
მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსში. CineDOC-YOUNG-ის ხატვის კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულია.
სამომავლოდ პერსონალური გამოფენის გამართვას აპირებს, სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას და   საკუთარი გალერეის გახსნაზე ფიქრობს.

 – ნატალია, ვხატავ ერთი წლიდანო, – ასე გაგვეცანი…
– დავიბადე 2006 წელს თბილისში, ვარ 13 წლის. მყავს დედა, მამა და ძმა. ვხატავ პატარაობიდან, ძალიან მსიამოვნებს და მიყვარს. ხატვის სიყვარული დაიწყო ძალიან ღრმა ბავშვობიდან, როდესაც ვიყავი 1 წლის. სულ ვხატავდი, ყველგან, ყველაფერზე და ყოველთვის. ადრე ძალიან მინდოდა, მოქანდაკე ვყოფილიყავი და ვძერწავდი მინიატურულ ფიგურებს: ადამიანებს, პინგვინებს, სხვადასხვა საჭმელს…
პირველი ნახატები საკმაოდ ბავშვური და ხალისიანი მქონდა, ახლა რომ ვუყურებ ძალიან მიხარია და მეცინება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს ისინი.
როგორ უთავსებ ხატვას და სხვა საგნების სწავლას?
– ვსწავლობ 161-ე საჯარო სკოლაში და პარალელურად დავდივარ სამხატვრო სასწავლებელში. სამხატვრო სასწავლებელი მეორე სახლივითაა ჩემთვის, მაინც რთულია ორი ჩემთვის მნიშვნელოვანი სკოლის შეთავსება ერთმანეთთან. მიჭირს ყველაფრის მოსწრება, რადგან ვცდილობ, არ მოვდუნდე და რასაც მასწავლიან, ყველაფერი საფუძვლიანად ვისწავლო და დავიმახსოვრო, ჩემი დროის დიდი ნაწილი სწავლას და მეცადინეობას ეთმობა, მაგრამ მაინც დროის განაწილებას ვახერხებ ისე, როგორც საჭიროა.
სამხატვრო სასწავლებელში  გრაფიკის განხრით სწავლობ. ადამიანის აგებულება, ნატურმორტებს და ილუსტრაციებს ხატავ

– სამხატვრო სასწავლებელში მე-5 კლასიდან ვსწავლობ კონკრეტულად გრაფიკის განხრით. გრაფიკაში მუშაობა ძალიან მომწონს, მაგრამ არ ვთვლი, რომ სხვა დანარჩენი სფეროები არ მიყვარს. კარანტინის პერიოდში შევასრულე ავტოპორტრეტი ფანქარში, მაგრამ მანამდე არაერთი პორტრეტი დავხატე.
– რა შეიქმნა კარანტინის პერიოდში?

„ბებო“

– კარანტინის პერიოდში  ბევრი ნახატი და ჩანახატი დამიგროვდა, მათი ძირითადი ნაწილი სამხატვროში დისტანციურად შესრულებულ ნატურმორტებს, ჩანახატებსა და კომპოზიციებს უკავია. ასევე ვხატავ ნატურაში 2-წუთიან ჩანახატებს ფანქარში ხელის ვარჯიშისთვის.
– რომელ ნახატზე გვიამბობდი?
– 2017 წლის ივნისში დავიწყე ნახატების შექმნა გამონათქვამების მიხედვით და დღემდე ვცდილობ, გავაგრძელო ეს ციკლი. ასევე დავხატე ერთჯერადი ბარათები ოჯახის წევრებისთვის – „მზად ვარ გემსახუროთ“. დახატული მაქვს საქმეები, რისი გაკეთებაც შემიძლია ამ ბარათის მშობლების მიერ მოცემის შემდეგ, როგორიცაა: გავრეცხავ ჭურჭელს, გაგიკეთებ მაკიაჟს, ეზოში ჩავიყვან ჩემს ძმას, ავალაგებ საწოლებს, დავალაგებ სახლს…
– შთაგონება?
– შთაგონება-მუზა მოდის – გზაში, ან ფიქრის დროს, სხვისი ნამუშევრების დათვალიერებისას, მუზეუმში ყოფნისას, წიგნის კითხვის დროს, ზოგჯერ სიზმრის შემდეგაც…
–  ნამუშევრების გვერდზე – Art page ბევრს მოსწონს შენი ხელოვნება. ეს ალბათ სტიმულს გაძლევს?
– 2016 წლის 7 ივნისს შევქმენი ჩემი ნამუშევრების გვერდი – Natalia Shikhashvili, სადაც ვცდილობ, ყოველდღიურად დავდო ახალი ნამუშევრები. მოწონებებით, კომენტარებით და რჩევებით ვიგებ, რომ ბევრი გულშემატკივარი მყავს. მხარში მიდგანან როგორც ახლობლები, ასევე სრულიად უცხო ადამიანები, რისთვისაც თითოეულ მათგანს დიდ მადლობას ვუხდი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ სტიმულს და მოტივაციას მაძლევს, რომ დღითიდღე განვვითარდე და უფრო მეტი ვიშრომო.
– შექმენი აქსესუარები წიგნის თემაზე, ასევე – წიგნის ფორმის აქსესუარები… როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

– დედასთან ერთად ვქმნი წიგნის თემაზე სხვადასხვა აქსესუარს, ერთ-ერთი მათგანია წიგნის ფორმის გულსაკიდები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ შევქმენი. პატარა რომ ვიყავი, მიყვარდა თოჯინებით თამაში და თოჯინას სათამაშოდ ვუძერწავდი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთს.

ნატალია შიხაშვილის ნახატი და ნახატის მიხედვით შექმნილი პრიზი – კონკურსში გამარჯვების ნიშნად

ერთხელ მომინდა, თოჯინას წაეკითხა წიგნი და დავიწყე მისი გაკეთება. როდესაც მშობლებმა ნახეს ეს ნამუშევარი, ძალიან მოეწონათ ეს იდეა და გადავწყვიტეთ, ამისთვის სერიოზული სახე მიგვეცა, თანდათანობით, რა თქმა უნდა, დავხვეწეთ.
ჰობი…
– უამრავი ჰობი მაქვს: ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება, სიმღერა, ცეკვა, კითხვა, მიყვარს აქსესუარების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების დამზადება და სხვა. ვცდილობ, ძალიან საინტერესო, საუცხოო და მრავალფეროვანი ფოტოები გადავიღო. თუ ბუნებაში მივდივარ – პიკნიკზე, სასეირნოდ ან ექსკურსიაზე, ყოველთვის თან დამაქვს ჩემი ფოტოაპარატი.  მიყვარს ასევე ძერწვა  და ხელოვნების ისტორია.
– სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული ხარ…

2016 წელი cinedoc young,  I ადგილი

– გამოფენები ჯერჯერობით არ მქონია, მაგრამ ვმონაწილეობდი სხვადასხვა კონკურსში. 2014 წელს მივიღე მონაწილეობა CineDOC-YOUNG-ის ხატვის კონკურსში, სადაც მე-3 ადგილი ავიღე და დიპლომი გადმომცეს. 2015 წელს ამავე კონკურსში ისევ მივიღე მონაწილეობა და მე-2 ადგილზე გავედი, სერტიფიკატი და პრიზი გადმომცეს. 2016 წელს 1 ადგილი ავიღე, როგორც ყველაზე პატარა კონკურსანტმა, გადმომცეს სერტიფიკატი და პრიზი.
კიდევ ერთ კონკურსში ერთ-ერთი გამარჯვებული გავხდი და პრიზად გადმომეცა წიგნი – „სატვირთოს გამტაცებლები“.
2019 წელს ერთ-ერთი გამარჯვებული გავხდი კონკურსში, უნდა დამეხატა ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყანა თავისი დამახასიათებელი ნიშნებით, პრიზად გადმომეცა ჩემი ნამუშევრის გაცოცხლებული ვერსია –  სათამაშოს სახით  შეკერილი.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ მინდა რაც შეიძლება ბევრი ვისწავლო და დავიხვეწო.  პერსონალურ  გამოფენაზე ვფიქრობ, ასევე მინდა გავხსნა  საკუთარი გალერეა.  სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება მინდა და ვფიქრობ, შემდეგაც გავაგრძელებ სწავლას.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

ვაჟა-ფშაველას „ია“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები