ამირან გამყრელიძე: „საბურთალოს კლასტერში“ კორონავირუსით 23 ადამიანია ინფიცირებული, 103 კონტაქტი კი გამოვლენილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, „საბურთალოს კლასტერში“ კორონავირუსით 23 ადამიანია ინფიცირებული და 103 კონტაქტია გამოვლენილი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გარკვეულ ოაზისად რჩება ირგვლივ მყოფ ქვეყნებთან შედარებით, „დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს”.

„სერიოზული მიკროაფეთქება გვქონდა „საბურთალოს კლასტერში“, რომელიც ერთ-ერთი საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს უკავშირდება, რომლისგანაც ეს ინფექცია გავრცელდა. დღევანდელი რიცხვით, ამ კლასტერში 23 ადამიანია ინფიცირებული. ჩვენ უკვე 103 კონტაქტი გამოვიკვლიეთ, 42 კარანტინშია გადაყვანილი და დანარჩენები ე.წ. შიდა კარანტინში არიან.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გარკვეულ ოაზისად რჩება ჩვენ ირგვლივ მყოფ ქვეყნებთან შედარებით, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს და ილუზიას არ უნდა მივეცეთ, რომ კორონა დავამარცხეთ. თუ ჩვენ შემსუბუქების და ეკონომიკური გახსნის პირობებში არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც სახელმწიფო იძლევა, მაშინ ამ ტიპის მიკრო აფეთქებები შეიძლება გვქონდეს. ეს შემთხვევები, რაც ბოლო სამი დღის განმავლობაში გვქონდა, საშიში არ არის და პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ყველა შემთხვევის წარმომავლობა ვიცით და მართვადია. საწოლების საკმარისი რაოდენობაა ქვეყანაში, საკმარისად მომზადებული სამედიცინო პერსონალი გვყავს და ეს ყველაფერი მართვადია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები