სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი ექვსივე მუნიციპალიტეტის პედაგოგებს დისტანციურ რეჟიმში შეხვდა და ონლაინ სასწავლო პროცესს გაეცნო. მან მასწავლებლებს დისტანციური სწავლების კუთხით გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც მხარის რწმუნებული „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, მასწავლებლებს ახალ სისტემაზე გადასვლა ნაკლებად გაუჭირდათ, რადგან განათლების სამინისტრო მათ ყოველთვის ამზადებდა მსგავსი საკითხებისთვის.
„მინდა პედაგოგებს მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისათვის. ისინი მზად დახვდნენ და წარმატებით გაართვეს თავი ამ პროგრამით სწავლებას. მასწავლებლებს ჰქონდათ გარკვეული გამოცდილება ამ მიმართულებით, რადგან წარსულში განათლების სამინისტრო ზრუნავდა ამაზე“,- განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.
პედაგოგების ინფორმაციით, სასწავლო პროცესში მოსწავლეებს განათლების სამინისტროსა და პირველი არხის ერთობლივი პროექტი ,,ტელესკოლა“ ძალიან ეხმარება. როგორც პედაგოგმა, ირმა ყეინაშვილმა განაცხადა, გაკვეთილები ბორჯომის #1 საჯარო სკოლაში ყოველდღიურ რეჟიმში, წარმატებით ტარდება.
„პედაგოგებს ნაკლებად გაგვიჭირდა სწავლების ახალ მეთოდზე გადასვლა. ვიტყვი, რომ გამოწვევა საკმაოდ კარგად მივიღეთ და გეგმაც შევასრულეთ. ძალიან კარგია, როცა მხარის პირველი პირი მსგავსი საკითხებით ინტერესდება. შეხვედრაზე ხაზი გავუსვით პრობლემებს, რაც სასწავლო პროცესების დროს, პედაგოგებსა და მასწავლებლებს შეგვხვდა“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ ბორჯომის #1 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ირმა ყეინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რათა არ გადავადებულიყო სასწავლო პრეცესი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლება განხორციელდა.