ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში 42 პირია მოთავსებული
სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში ამ დრომდე 291 ადამიანი იმყოფება, ხოლო ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში 42 პირია მოთავსებული.
როგორც რეგიონულ კვირას სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, ჯამურად, ეპიდზედამხედველობის ქვეშ 1712 პირი იმყოფებოდა. თვითიზოლაცია კი 1007 მოქალაქეს მოეხსნა.
31 მაისის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში, „კოვიდ19“-ზე 116 ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, ყველა მათგანი უარყოფითია.
რაც შეეხება კოვიდინფიცირებულებს – საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოს დღეს ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. ერთი ე.წ. თეთრიწყარის კლასტერიდანაა, ხოლო მეორეს მოგზაურობის ისტორია გააჩნია.
რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნიკოლოზ ქარცივაძის ცნობით, კლინიკაში სულ 19 პაციენტი მკურნალობს, აქედან 9 კორონავირუსით ინფიცირებული, ხოლო 10 “ცხელების ცენტრშია” მოთავსებული.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულთაგან, რვა ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერიდანაა, მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანია.